რუსული კლუბიდან საქართველოში - ქავთარაძე „თელავში“ 10 ნომრით ითამაშებს #1TVSPORT
რუსული კლუბიდან საქართველოში - ქავთარაძე „თელავში“ 10 ნომრით ითამაშებს #1TVSPORT

სეზონის განახლებამდე „თელავმა“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ბექა ქავთარაძე დაიმატა, – ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 2022 წლის განახლებული სეზონისთვის კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი, 23 წლის თავდამსხმელი ბექა ქავთარაძე დაიცავს. ფეხბედნიერი იყოს თქვენი მოსვლა ბექა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები გუნდთან ერთად“, – წერია „თელავის“ გავრცელებულ ცნობაში.

ბექა ქავთარაძე 23 წლისაა. 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. თამაშობდა თბილისის „დინამოში“, „რუსთავში“, „საბურთალოში“, ხოლო 2021 წლიდან რუსეთში წავიდა და ამ ქვეყანაში წელიწადნახევარი ითამაშა.

2021 წლის თებერვლიდან „ნიჟნი ნოვგოროდში“ ჩაირიცხა. ზაფხულში მან კლუბი მხარეთა ორმხრივი გადაწყვეტილებით დატოვა. 2021 წლის ივნისში ვოლგოგრადის „როტორთან“ გააფორმა კონტრაქტი.

ბექა ქავთარაძე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, თამაშობდა 17, 18 და 21-წლამდე ნაკრებებში – სამივე გუნდში 24 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

„თელავის“ გავრცელებული ფოტომასალიდან ცნობილი ხდება, რომ ბექა ქავთარაძე ახალ კლუბში, „თელავში“ პრესტიჟული 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.