რუსული გამოცემა - ტაბიძეს „სპარტაკმა“ დაადგა თვალი
რუსული გამოცემა - ტაბიძეს „სპარტაკმა“ დაადგა თვალი

რუსული გამოცემა „news.ru“-ს ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ მცველ ჯემალ ტაბიძის გადაბირებით ცნობილი რუსული გუნდი დაინტერესდა.

„ჩემპიონატის ბოლო ტურში „უფასა“ და ტულას „არსენალის“ დუელში მასპინძლები შეტევაში უფრო აგრესიულად მოქმედებდნენ და ერთხელ გაიტანეს კიდეც. ამ ეპიზოდში აქტიურად მონაწილეობდა ცენტრალური მცველი ჯემალ ტაბიძე, რომელიც უმთავრეს მოვალეობებსაც გაუმკლავდა და შეტევასაც ეხმარებოდა. საქმეში VAR ჩაერია და მთავარმა მსაჯმა, ვიდეოს ნახვის შემდეგ, გოლი გააუქმა. ამის მიუხედავად, ეს ფაქტი არ აუქმებს ტაბიძის ხარისხიან თამაშს, რომელსაც, როგორც ამბობენ, მოსკოვის „სპარტაკმა“ დაადგა თვალი“ – წერს გამოცემა.

მოსკოვის „სპარტაკის“ ცენტრალური მცველი სამუელ ჟიგო კლუბს სეზონის შემდეგ დატოვებს. გუნდის ხელმძღვანელობამ ფრანგი ფეხბურთელის ევროპულ კლუბში გაყიდვა გადაწყვიტა, სანამ მასზე მოთხოვნა არის. ამის შესახებ ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვიაჩესლავ კოროტკინმა თავის ტელეგრამ-არხზე ილაპარაკა.

„წყაროს ცნობით, „სპარტაკი“ აპირებს ჟიგოს ტრანსფერი მინიმუმ ექვსი მილიონი ევროდ გაყიდოს და ამ თანხით „უფას“ ერთდროულად ორი მცველი, იონუცა ნედელჩარუ და ჯემალ ტაბიძე შეიძინოს“ – ამბობს ვიაჩესლავ კოროტკინი.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ „სპარტაკმა“ კლუბის ახალ გენერალურ დირექტორად შამილ გაზიზოვი დანიშნა, რომელიც ადრე მსგავს თანამდებობაზე „უფაში“ მუშაობდა.