რუსული გამოცემა - რუბინი მზადაა, დავითაშვილთან დათმობაზე წავიდეს
რუსული გამოცემა - რუბინი მზადაა, დავითაშვილთან დათმობაზე წავიდეს

ზურიკო დავითაშვილმა ბოლო შეკრების შემდეგ ყაზანის „რუბინი“ დატოვა და გუნდთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა.

მომხდარს რუსული გამოცემა „ბიზნეს-გაზეტა“ გამოეხმაურა, რომელიც ამტკიცებს, რომ ყაზანის „რუბინი“ მზადაა, 18 წლის ქართველთან დათმობაზე წავიდეს და კონტრაქტი გაუფორმოს.

“ზურიკო დავითაშვილი ყაზანის “რუბინს” ზამთრის სამ შეკრებაზე ახლდა, მაგრამ ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა ყაზანელებს მადლობა გადაუხადა და შემოთავაზებული კონტრაქტით უკმაყოფილომ გუნდი დატოვა. მას ყაზანურმა კლუბმა 4,5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, როდესაც დავითაშცილს მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი სურდა. ახალგაზრდა ფეხბურთელთან შეთანხმების ხელმოწერა მხოლოდ ერთი წლით უცნაური და ატიპური იქნებოდა და ეს იყო ცალსახა მინიშნება, რომ მოთამაშეს „რუბინის“ სწრაფად დატოვება და კლუბის ტრამპლინად გამოყენება სურდა. „რუბინს“ ასეთი პირობა არ აწყობდა, მაგრამ კლუბი კომპრომისული ვარიანტის მოძებნას შეეცადა. პირველი უარის შემდეგ, დავითაშვილს 2,5 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს, მაგრამ მან კვლავ უარი თქვა და გუნდი დატოვა“, – წერს „ბიზნეს-გაზეტა“.

რუსული გამოცემის ცნობით, გამოუცდელობის მიუხედავად, ქართველზე ყაზანელთა მთავარი მწვრთნელი დიდ იმედებს ამყარებდა – „მას ყურბან ბერდიევი ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებდა და „რუბინის“ ამხანაგურ მატჩებში მუდამ ათამაშებდა – ხან შემტევ ნახევარმცველად და ხან – უკანდახეულ თავდამსხმელად. ყაზანელთა მწვრთნელი მას უაღრესად დადებითად აფასებდა, მიუხედავად იმისა, რომ დავითაშვილს შეკრებაზე არ გაუტანია. ის უგოლოდაც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და ასაკისთვის უჩვეულოდ დაღვინებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. „რუბინის“ დაკომპლექტებისა და ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, დავითაშვილი აუცილებლად რეგულარულად ითამაშებდა. 18 წლის ფეხბურთელს თავდაპირველად სწორედ ეს იზიდავდა: ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე დიდი ჩემპიონატის კლუბს მისთვის გარანტირებული ადგილი შეეთავაზებინა და არა – სკამზე ჯდომა“.

ბიზნეს-გაზეტას” ცნობით, რთული მოლაპარაკებების მიუხედავად, “რუბინი” დავითაშვილს კონტრაქტის გაფორმებას მაინც შესთავაზებს: “თუ ქართველი ყაზანში დაბრუნებას და შეთანხმების გაფორმებას მოინდომებს, მაშინ “რუბინი” ფეხბურთელზე უარს არ იტყვის – ანუ ყაზანელთა შეთავაზება ძალაშია.
კლუბი მზადაა ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა მისცეს, ფინანსური პირობები გაუმჯობესოს და ხანგრძლივ კონტრაქტზეც უარი თქვას – ოღონდ ერთწლიანი კონტრაქტი გამორიცხულია, რათა ზაფხულში მოთამაშე კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტების ძიებას არ შეეცადოს”.