რუსული გამოცემა - კვირკველია „ლოკომოტივთან“ კონფლიქტის გამო არ თამაშობს
რუსული გამოცემა - კვირკველია „ლოკომოტივთან“ კონფლიქტის გამო არ თამაშობს
დიდი ალბათობით, საბა კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივს“ დატოვებს, გუნდმა კი მისი შემცვლელი უკვე იპოვა – ინფორმაციას რუსული გამოცემა „ჩემპიონი“ ავრცელებს.
 
ეს დასკვნა გამოცემის ჟურნალისტმა რუსეთის პრემიერლიგის გუნდის სატრანსფერო საკითხების გაანალიზებისა და არსებული ინფორმაციის ფონზე გამოიტანა.
„იური სიომინის გუნდმა წლის ბოლო მონაკვეთი ჩააგდო. სეზონის მეორე ნაწილი მოსკოვის „ლოკომოტივმა“ უკეთ უნდა ჩატაროს, ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამედ რომ მოხვდეს. „ლოკომოტივი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აქტიურად ეძებს ფეხბურთელებს ცენტრალური და მარცხენა მცველების პოზიციებზე. ერთ-ერთი პრიორიტეტია გერმანელი ცენტრალური მცველი ვალდემარ ანტონი, რომელიც „ჰანოვერ 96“-ში გამოდის, ხოლო მოთამაშე, რომელმაც შესაძლოა კლუბი დატოვოს, საბა კვირკველიაა. ქართველ მცველს ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებისთვის დიდი დრო დასჭირდა, მერე კი მოედანზე ძალიან იშვიათად ჩნდებოდა. „ლოკომოტივი“ მზადაა, ის გაუშვას, თუ მისაღებ შეთავაზებას მიიღებს. განიხილება როგორც რუსული ასევე ევროპული გუნდების წინადადებები. ჩვენი მონაცემებით, ამ თემის განვითარება უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი“ – წერს „ჩემპიონატი“.
„ევროფუტბოლი“ კი ამტკიცებს, რომ ქართველს წინასასეზონო შეკრებაზე ბოლო შანსი მიეცემა: „თუ კვირკველია მოსამზადებელ ეტაპზე ფორმის აღდგენას ვერ შეძლებს, შანსი მის კონკურენტებს მიეცემათ“.
აბსოლუტიურად განსხვავებულ ვერსიას „სპორტდეილი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქართველი მცველის უთამაშებლობა სპორტული მოტივით არაა გამოწვეული.
„გუნდი დაცვის მიზეზით ძალიან ბევრ გოლს უშვებს, რადგან მცველების უმრავლესობა 30 წელს გადაცილებულია (ბენედიკტ ჰევედესი, ვედრან ჩორლუკა, ვლადისლავ იგნატეევი და მაცეი რიბუსი). გასულ სეზონში დაცვის ლიდერი საბა კვირკველია კი ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო პრაქტიკულად არ თამაშობს“ – წერს „სპორტდეილი“.
შეგახსენებთ, რომ საბა კვირკველია ორი წელი მოსკოვის „ლოკომოტივის“ შეუცვლელი ფეხბურთელი და რუსეთის პრემიერლიგის საუეკთესო მცველი იყო. მაგრამ მაისში მიღებულმა ტრავმამ ძალიან ცუდი სამსახური გაუწია.