რუსული გამოცემა კლუბებს ქანთარიას შეძენას ურჩევს - ის სასწრაფოდ უნდა მიიწვიოთ
რუსული გამოცემა კლუბებს ქანთარიას შეძენას ურჩევს - ის სასწრაფოდ უნდა მიიწვიოთ

რუსულმა გამოცემა „სოვეტსკი სპორტმა“ ბელარუსის ჩემპიონატის შვიდი გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა. სიაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი გიორგი ქანთარია და ბათუმის „დინამოს“ ყოფილი ლეგიონერი გაბრიელ რამოსი მოხვდნენ.

„ჩვენ ბელარუსის მიმდინარე ჩემპიონატის შესანიშნავ შვიდეულს გაგაცნობთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, პანდემიის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაშიც არ დაიკარგებიან. ეს ფეხბურთელები ბელარუსიდან სასწრაფოდ რუსეთის კლუბებმა უნდა წაიყვანონ“ – წერს გამოცემა.

22 წლის გიორგი ქანთარია გროდნოს „ნემანის“ მოთამაშეა. ის პოზიციით ცენტრალური მცველი და საყრდენი ნახევარმცველია. ბელარუსის 2020 წლის ჩემპიონატში ჩატარებულ ოთხ მატჩში ერთი გოლი გაიტანა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 200 ათასი ევროა.

„პოზიციით ცენტრალური მცველი ქანთარია წელს საყრდენ ნახევარმცველად თამაშობს. მისმა გუნდმა ოთხ მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა. ახალგაზრდა ქართველი საკმაოდ დამაჯერებლად მოქმედებს. შესაძლოა, მას ჯერ საკმარისი გამოცდილება და შეტევითი უნარები არ აქვს, მაგრამ მოწინააღმდეგის შეტევებს კარგად შლის. პარტნიორები გიორგის ანდობენ პენალტის შესრულებას, რაც მის ავტორიტეტსა და ცივ გონებაზე მეტყველებს“ – ასე ახასიათებს „სოვეტსკი სპორტი“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ მცველს.

ბათუმის „დინამოს“ 24 წლის ყოფილ თავდამსხმელზე „სოვეტსკი სპორტი“ წერს: „რამოსი ახალ გუნდში დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაირიცხა – ჟოდინოს „ტორპედო-ბელაზში“ ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა, მაგრამ ყურადღება უკვე მიიქცია. ბრაზილიელი ფეხზე ძალიან მტკიცედ დგას და ბურთის ტარება უყვარს. მშვენიერი ტექნიკის მქონე ფეხბურთელმა „ტორპედო-ბელაზს“ სამიდან ორი გამარჯვება მოუტანა“ – წერს რუსული გამოცემა.