რუსული გამოცემა კანკავას ტრანსფერზე - ყაზახეთიდან ფეხბურთელის საფრანგეთში გადასვლა უჩვეულო მოვლენაა
რუსული გამოცემა კანკავას ტრანსფერზე - ყაზახეთიდან ფეხბურთელის საფრანგეთში გადასვლა უჩვეულო მოვლენაა

ჯაბა კანკავას საფრანგეთში დაბრუნებას რუსული გამოცემა „სპორტს.რუ“ გამოეხმაურა – ავტორის თქმით, ყაზახეთიდან საფრანგეთში გადასვლა წარმოუდგენელი ტრანსფერია.

„საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას კოსტანაისტობოლთან“ორწლიანი კონტრაქტი დაუსრულდა, მაგრამ არავინ იცოდა, თუ რა მიმართულებით წავიდოდა ქართველი ნახევარმცველის კარიერა, თანაც, 34 წლის ასაკში. ის საფრანგეთის ლიგა 2-ის „ვალენსიენის“ ფეხბურთელი გახდა. ყაზახეთიდან საფრანგეთში გადასვლა, თუნდაც თავისუფალი აგენტის სტატუსით, ყაზახეთის საფეხბურთო ბაზრისთვის უჩვეულო მოვლენაა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელი უკვე 34 წლისაა. საინტერესო ფაქტია – 2018 წელს ჯაბა „ტობოლში“ ნიკა კვეკვესკირის რეკომენდაციით საფრანგეთიდან ჩამოვიდა, სადაც „რეიმსში“ თამაშობდა. სამი წლის შემდეგ კანკავა ისევ ამ ქვეყანაში დაბრუნდა“, – წერს გამოცემა.

„სპორტს.რუ“ საქართველოს ნაკრების კაპიტანზე საინტერესო დეტალებს წერს: „იმ ხალხის თქმით, ვინც მის გვერდით ყაზახეთში თამაშობდა, ჯაბამ თავი გამოიჩინა, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა, რომელიც საკუთარ თავზე ბევრს მუშაობდა და პროფესიონალური დამოკიდებულება აქვს კვებისა და რეჟიმის მიმართ. ჯაბა მოედანზე წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს მუდმივად თავდადებით ასრულებდა. კანკავა ყაზახ მაყურებელს ახსოვს, როგორც ძალიან შეუპოვარი მოთამაშე“.

გამოცემა წერს, რომ ჯაბას „ტობოლიდან“ წასვლა დანაკლისი მხოლოდ კლუბისთვის არ იქნება: „საერთოდ, ამ სამი წლის განმავლობაში „ტობოლში“ მისი კარიერა ძალიან შთმბეჭდავი აღმოჩნდა – ჯაბა მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გახდა. ქართველმა ნახევარმცველმა გუნდში 90 თამაში ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა, 3 პასი გააკეთა და გუნდს ბრინჯაოს და ვერცხლის მედლების მოგებაში დაეხმარა. „ტობოლის“ ისტორიაში ის ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერად დარჩება. „ტობოლისა“ და ყაზახეთის ჩემპიონატისთვის ეს ნამდვილი დანაკლისია. წარმატებებს გისურვებთ საფრანგეთში!“.