რუსუდან მაისურაძე - ნონა გაფრინდაშვილის დაცვა ჩვენი ღირსების საქმეა, „ნეტფლიქსის“ პოზიცია შეურაცხმყოფელია #1TVSPORT
რუსუდან მაისურაძე - ნონა გაფრინდაშვილის დაცვა ჩვენი ღირსების საქმეა, „ნეტფლიქსის“ პოზიცია შეურაცხმყოფელია #1TVSPORT

იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორი რუსუდან მაისურაძე, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს „ნეტფლიქსთან“ დავაში, აცხადებს, რომ ყველაზე შეურაცხმყოფელი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის მიღწევების დაკნინებაა.

„ქალბატონი ნონა 22 წლის ასაკიდან, 1963 წლიდან მონაწილეობდა ვაჟთა ტურნირებში, იყო საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული და პირველი ქალია, ვინც მამაკაცთა შორის დიდოსტატის ტიტული მიიღო. ამ დროს, გადაღებულ ეპიზოდში ნახსენებია, რომ „არასდროს დაპირისპირებია მამაკაცებს“. რა თქმა უნდა, ფაქტების ასეთი დამახინჯება შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან რუსუდან მაისურაძემ.

ჭადრაკის ლეგენდამ, ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსს“ უჩივლა – მიზეზი სერიალში გაჟღერებული ფრაზებია. მინისერიალის ფინალურ ეპიზოდში, მთხრობელი ამბობს – „ეს ნონა გაფრინდაშვილია, ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ არასდროს დაპირისპირებია მამაკაცებს“.

1983 წელს უოლტერ ტევისის მიერ გამოცემულ რომანში, რომლის მიხედვითაც „ნეტფლიქსმა“ 2020 წელს პოპულარული სერიალი „ლაზიერის გამბიტი“ გადაიღო, ეს ფრაზა განსხვავებულად ჟღერს – „და ესეც ნონა გაფრინდაშვილი. ასეთი მაღალი დონის ტურნირზე არა, მაგრამ მოთამაშე მთელ ამ რუს დიდოსტატებს მანამდე ბევრჯერ შეხვედრია“.

რუსუდან მაისურაძის თქმით, „ნეტფლიქსის“ პოზიცია მიუღებელია: 

„სარჩელი აპრილში შევიტანეთ, რადგან მანამდე „ნეტფლიქსთან“ დალაპარაკებას შედეგი არ მოუტანია. ისინი ამბობენ, რომ ქალბატონი გაფრინდაშვილისა და მისი ბრწყინვალე კარიერის მიმართ „ნეტფლიქსს“ მხოლოდ უსაზღვრო პატივისცემა გააჩნია. თუმცა, მიიჩნევენ, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არც ბოდიშის მოხდას აპირებენ და არც ტექსტის შეცვლას. ესაა ყველაზე მიუღებელი – ყველაზე მთავარი დაამახინჯეს, რამაც ქალბატონი ნონა შეურაცხყო. ჩვენ ამ საქმეს უკვე დავარქვით „ღირსების საქმე“ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად საქმის ბოლომდე მიყვანას შევეცდებით“.

იურიდიული ფირმა BLB-ს პარტნიორი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ამერიკაში ქართული მხარე არ დაიჩაგრება: 

„ამერიკის სასამართლოს სამართლიანობა ცნობილია და მის ობიექტურობაში დარწმუნებულები ვართ. ამიტომ გვჯერა, რომ ისინი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალია, რომელსაც ამერიკაში, კალიფორნიის შტატში 1977 წელს კაცთა შორის დიდოსტატის წოდება მიანიჭეს. ის ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულია.

დატოვე კომენტარი