რუსთავში სტადიონის რეაბილიტაცია გრძელდება #1TVSPORT
რუსთავში სტადიონის რეაბილიტაცია გრძელდება #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ განვითარებისა და ქალაქში ფეხბურთის ხელშეწყობის მიზნით, რუსთავში ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება.

სამუშაოებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე თავის მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესთან და „რუსთავის“ დირექტორ ბაჩანა ცხადაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ცნობილი გახდა, რომ რეაბილიტაცია უტარდება სტადიონის სასტუმრო კომპლექსსა და სასადილოს. ორივე შენობაში შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულია სველი წერტილების მოწესრიგება, ახალი ელექტროგაყვანილობის მოწყობა და ფასადების შეღებვა. პროექტის განხორციელება მაისში დაიწყო და სექტემბერში უნდა დასრულდეს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 205 ათას ლარამდეა.

პარალელურად, რუსთავის მერიის ცნობით, საფეხბურთო კლუბის მენეჯმენტთან ერთად, „რუსთავის“ და ზოგადად, ქალაქში ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობაა დაწყებული.

რუსთავის სტადიონი 1948 წელს აშენდა. ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ, ის 4676 მაყურებელს იტევს. არსებობის მანძილზე, სპორტული კომპლექსი სულ ორჯერ განახლდა. 2015 წლიდან, გუნდმა სახელი შეიცვალა და საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ ეწოდა. რუსთავის სტადიონი კი ქალაქის მუნიციპალიტეტს 2018 წლის ნოემბერში გადაეცა.

„მოხარულები ვართ, რომ დასასრულს უახლოვდება ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს ბაზის, სასტუმრო და სასადილო კომპლექსის რეაბილიტაციას. მადლობა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს და ყველა იმ ადამიანს, რომელთა დახმარებითაც ეს პროექტი ხორციელდება. სამომავლოდ, სტადიონი ძალიან მნიშვნელოვანია კლუბის ყოველდღიური ნორმალური მუშაობისთვის, რადგან ადმინისტრაციისთვისა და ფეხბურთელებისთვის სასურველი პირობა შეიქმნება. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, რაც მთლიანად ქალაქს და ფეხბურთს გამოაცოცხლებს. ამაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული, გუნდის სამომავლო გეგმები და სპორტული შედეგები. ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები ნამდვილად უზრუნველყოფს კლუბის გამართულ ფუნქციონირებას”, – ამბობს ბაჩანა ცხადაძე.