საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ ახალი ლეგიონერი შეუერთდა – არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი კევინ სეიხასი.
28 წლის სეიხასი არგენტინაშია დაბადებული, თუმცა იტალიის მოქალაქეობაც აქვს. „რივერ პლეიტის“ აღზრდილმა კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო, მაგრამ არგენტინულ გრანდში დიდხანს არ გაჩერდა და იტალიის სერია D-ის კლუბ „მატელიკაში“ გადავიდა.
ამის შემდეგ ის იტალიის სერია D-სა და C-ის გუნდებში თამაშობდა – „გრავინაში“, „მაკერატაში“, „პორტო სანტელპიდიოში“. ასევე ითამაშა პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის „აროუკაში“, ესპანეთის ქვედა ლიგების კლუბებში – „ვილამარქსანტასა“ და „მარბელაში“.
2025 წლის 16 სექტემბერს კონტრაქტი ბულგარეთის უმაღლესი ლიგის კლუბთან, „ბეროესთან“ გააფორმა, რომელიც ზამთარში დატოვა და ერაყულ „ერბილში“ ჩაირიცხა. თუმცა ამ გუნდში აღარ უთამაშია და საბოლოოდ საქართველოში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩამოვიდა.
კევინ სეიხასმა, შესაძლოა, „რუსთავში“ სადებიუტო შეხვედრა 3 აპრილს ჩაატაროს – გიორგი ცეცაძის გაწვრთნილები ეროვნული ლიგის მორიგ ტურში წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში „სამგურალს“ 15:00 საათზე დაუპირისპირდებიან.