„რუსთავმა“ რეკორდული ანგარიშით მოიგო - „არაგვი“ ლიგა 3-ში დაქვეითდა
„რუსთავმა“ რეკორდული ანგარიშით მოიგო - „არაგვი“ ლიგა 3-ში დაქვეითდა

ეს მატჩი, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ის მე-17 ტურში გაიმართა, ტურნირის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება – თბილისში, „სპაერის სტადიონზე“ დუშეთის „არაგვმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

რუსთაველებმა თამაში შესანიშნავად დაიწყეს და მე-10 წუთისთვის 0:3-ს იგებდნენ, ხოლო პირველ ტაიმში 5-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში კვლავ ხუთი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ, რეკორდული ანგარიშით, 10:0 მოიგეს.

ზუსტი სტატისტიკა საქართველოს ჩემპიონატში არ არსებობს, მაგრამ ეს ანგარიში რომ ერთ-ერთი ყველაზე რეკორდული მოგებაა, ისედაც ცხადია. აღსანიშნავია, რომ გიორგი ხარებაშვილმა ხუთი გოლი გაიტანა (1, 21, 38, 61, 74), თომა ტაბატაძემ „პოკერი“ შეასრულა (10, 57, 58, 67), ერთიც გიორგი კიკნაძის (3) ანგარიშზეა. აღსანიშნავია ბექა გვარაძის თამაშიც – მისი გადაცემების შემდეგ 4 გოლი გავიდა.

„რუსთავი“ 17 ტურის შემდეგ 26 ქულით მეოთხე ადგილზე დაწინაურდა და ბოლო ტურის წინ პლეი-ოფში მონაწილეობის უფლებას ინარჩუნებს – მეორე ადგილზე მყოფ წყალტუბოს „სამგურალს“ ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან „გაგრას“ ქულებით გაუთანაბრდა. დუშეთის „არაგვი“ კი ლიგა 2-ს დაემშვიდობა.