„რუსთავმა“ ლევან კუტალია დაიმატა - გუნდი სეზონისთვის თურქეთში მოემზადება #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი ფავორიტი „რუსთავი“ სეზონისთვის მზადების ბოლო ეტაპს თურქეთში გაივლის – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ვარლამ კილასოანიას მიერ გაწვრთნილი გუნდი რუსთავში ემზადებოდა, დასკვნით ეტაპზე, 10 თებერვლიდან, კი თურქულ შეკრებაზე, ქალაქ სიდეში გაემგზავრება, სადაც 12 დღე დარჩება, 5 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და სამშობლოში 23 თებერვალს დაბრუნდება.
ცნობილი გახდა, რომ „რუსთავმა“ მამია გავაშელიშვილის შემდეგ კიდევე ერთი გამოცდილი თავდამსხმელი – 35 წლის ლევან კუტალია დაიმატა, რომელიც გუნდს უდავოდ გააძლიერებს.
კუტალია თამაშობდა „ზუგდიდში“, „ზესტაფონში“, „შუქურაში“, მარტვილის „მერანში“, „ოდიშში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „დინამო თბილისში“, ბოსნიურ „სლავიასა“ და „ზრინსკში“, ისრაელის „ჰაპოელ უმ ალ-ფამსა“ და „ნეს ციონაში“, სომხურ „ალაშკერტში“, ბათუმის „დინამოში“, ბოლოს კი წყალტუბოს „სამგურალის“ ღირსებას იცავდა.