„რუსთავის“ მწვრთნელი გადადგა - მას დროებით აბრამიძე შეცვლის #1TVSPORT
„რუსთავის“ მწვრთნელი გადადგა - მას დროებით აბრამიძე შეცვლის #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ პირველი წრის შემდეგ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა – არმაზ ჯელაძე პოსტიდან გადადგა, ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, არმაზ ჯელაძემ საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში. იგი ჩვენს კლუბში რჩება და აგრძელებს მუშაობას“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის დასრულებისას „რუსთავი“ რთულ მდგომარეობაშია – 9 შეხვედრიდან გუნდმა 2 მოიგო, მხოლოდ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზეა.

„რუსთავის“ პრეს-სამსახურის ცნობით, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, მოვალეობას დროებით ვალერი აბრამიძე შეასრულებს – 42 წლის სპეციალისტი, რომელიც საქართველოს ნაკრების მცველი იყო (6 მატჩი).

გავრცელებული ცნობით, შესაძლოა, „რუსთავი“ ცნობილმა სპეციალისტმა, თემურ მახარაძემ ჩაიბაროს, რომელიც კლუბში 2020 წელსაც მუშაობდა.