„რუსთავის“ აკადემიის ესპანელი მწვრთნელი – სწორედ ასეთ გარემოში იზრდებიან კვარაცხელიას და მიქაუტაძის მსგავსი ტალანტები #1TVSPORT
„როდესაც გაიგეს, რომ რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში ესპანელმა მწვრთნელმა დაიწყო მუშაობა, ბავშვების რაოდენობა თითქმის 800-მდე გაიზარდა“, – ამის შესახებ მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, „რუსთავის“ საფეხბურთო აკადემიის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, აგუსტინ ვარა სანჩესმა გამოცემა MARCA-სთან ინტერვიუში განაცხადა.
პროექტს საგეხბურთო კლუბი „რუსთავი“ ახორციელებს, რომელმაც აკადემიის განვითარების პროგრამის მართვა (არსებითად ახალგაზრდული გუნდების ზედამხედველობა) ესპანელ სპეციალისტს მიანდო – ვარა სანჩესი ამავდროულად მთავარი გუნდის მწვრთნელის თანაშემწეა.
„ძირითადად, სრულიად ახალი, თანამედროვე სპორტული სისტემის შექმნისა და დანერგვისთვის მიმიწვიეს სამუშაოდ, ისეთის, სადაც ყველა ნიჭიერ მოთამაშეს შეუძლია განვითარება.
მას შემდეგ, რაც აკადემიაში საქმიანობას შევუდექი, როგოც ჩანს, მთელი ქვეყანა მიცნობს. აკადემიაში ბავშვების რაოდენობა 200-დან თითქმის 800-მდე გაიზარდა. ამ ყველაფრის ორგანიზება ადვილი არ არის და ვფიქრობ, დასახმარებლად სხვა მწვრთნელიც მოვიწვიო.
აქ ინფრასტრუქტურა და ტექნიკური დონე საკმაოდ მაღალია. ჩვენს სარეზერვო და ახალგაზრდულ გუნდებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ესპანეთის საუკეთესო აკადემიებში თავისუფლად ითამაშებენ. სწორედ ასეთ გარემოში იზრდებიან კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მსგავსი ტალანტები“.