„რუსთავი“ მზადაა, „ტორპედოს“ დაეხმაროს
„რუსთავი“ მზადაა, „ტორპედოს“ დაეხმაროს

საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ მზადაა, რომ ფინანსური გაჭირვების გამო დასუსტებული ქუთაისის „ტორპედოს“ ინტერესი გაითვალისწინოს და მას ევროპის ლიგაზე მოთამაშეები დაუთმოს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან „რუსთავის“ დირექტორმა, ბადრი მაჭავარიანმა განაცხადა.

„კლუბში ვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ ევროთასებზე ქართული კლუბების გამოსვლა მხოლოდ მათთვის არაა მნიშვნელოვანი. მათი წარმატება და წარუმატებლობა თითოეულ კლუბსა და ზოგადად, ქართული საკლუბო ფეხბურთის რეიტინგზე აისახება. ამიტომ, სოლიდარობის ფაქტორი აუცილებელი და მნიშვნელოვანია. როდესაც ქუთაისის „ტორპედოდან“ პაპუნა ფონიავას მიმართ ინტერესი გაჩნდა, ჩვენ ფეხბურთელს კონტრაქტი გავუწყვიტეთ და ქუთაისში წასვლის საშუალება მივეცით. ვიცით, რომ „ტორპედოს“ ინტერესი თემურ ჩოგაძის მიმართაც აქვს, თუმცა ამაზე კონკრეტულად არ გვილაპარაკია. თუკი საკითხი ასე დაისმება, მზად ვართ „ტორპედოს“ ინტერესი ამ შემთხვევაშიც გავითვალისწინოთ“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან ბადრი მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს ქუთაისის „ტორპედო“ ცხრა მოთამაშემ დატოვა და ყაზახურ „ორდაბასთან“ ევროპის ლიგის მატჩამდე საგრძნობლად შესუსტდა.