რუსმა პრანკერებმა ჟიგიმანტას პავილიონისს ნავალნის თანაგუნდელის სახელით დაურეკეს და საუბრის ვიდეოჩანაწერი „იუთუბზე“ გამოაქვეყნეს

რუსმა პრანკერებმა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს რუსი ოპოზიციონერის სახელით დაურეკეს და საუბრის ჩანაწერი ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ გამოაქვეყნეს. „ვოვანისა“ და „ლექსუსის“ სახელებით ცნობილმა პრანკერებმა ვლადიმირ კუზნეცოვმა და ალექსეი სტოლიაროვმა ლიეტუვეულ დეპუტატს ალექსეი ნავალნის თანაგუნდელის, ლეონიდ ვოლკოვის სახელით დაურეკეს.

გამოქვეყნებულ დამონტაჟებულ ვიდეოჩანაწერში ჟიგიმანტას პავილიონისი რუსეთზე, საქართველოზე,  უკრაინაზე, ბელარუსზე, ასევე ამ ქვეყნებში ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობაზე საუბრობს.

ის აღნიშნავს, რომ ახლა აქვს „თავისი ომი ივანიშვილთან საქართველოში“.

საუბარში ლიეტუველი დეპუტატი ამბობს, რომ აშშ-ში 2020 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ, „ვაშინგტონი ჯერ გონს არ მოსულა და ის მხოლოდ ახლა ხდება ვაშინგტონი“. ის იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გუნდი გაამკაცრებს პოლიტიკას რუსეთის მიმართებაში.

„2008 წლამდე, ბუქარესტის სამიტამდე, მე ვგრძნობდი, რომ ამერიკელები მუშაობენ დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე, მათ აქვთ ნათელი მიზნები, თუმცა ობამასთან და ტრამპთან ისინი გაქრა, ერთიც და მეორეც რაღაცას აკეთებდა, თუმცა იდეოლოგია არ იყო. ასეთი რეალური პოლიტიკა, აი, პუტინი ძლიერია, ჩრდილოეთ კორეა ძლიერია, ივანიშვილი რაღაცნაირი ნორმალურია, მოდით ვიმუშაოთ, ეს ძალიან მოქმედებდა ჩემს ნერვებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს გუნდი, რომელიც მოვიდა, ის სხვანაირია“, – ამბობს ჟიგუმანტას პავილიონისი.

მისი თქმით, დასავლეთს საკმარისი სახსრები აქვს კრემლის რეჟიმის დასამხობად. ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე 18-წუთიან ვიდეოში ასევე საუბრობს კავშირებზე გავლენიან ამერიკელ კონგრესმენებთან, ასევე ლობისტებთან. ის მიხეილ სააკაშვილის ლობისტებთან ურთიერთობების შესახებაც ჰყვება.

„აი, როგორ გააკეთა „ეს“ სააკაშვილმა. როდესაც ობამა მოვიდა, ობამა მას ვერ იტანდა. თუმცა მაშინ ქართულმა დიპლომატიამ, თემურ იაკობაშვილმა, ღმერთო ჩემო, მათ აიღეს ვაშინგტონი. არ დარჩენილა ადგილი, სადაც არ განიხილავდნენ საქართველოს. დაახლოებით ნახევარ წელიწადში, ერთ წელიწადში ობამას შეუყვარდა სააკაშვილის ბალტიელ პრეზიდენტებზე მეტად. მე ვერ ვუჯერებდი საკუთარ თვალებს. რა თქმა უნდა, ეს იყო ქართული ღვინოც, სამზარეულო და ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ. თუმცა საჭიროა ასეთი ლობის შექმნა“, – ამბობს ლიეტუველი დეპუტატი.

ვიდეოს გამოქვეყნებას გამოეხმაურა თავად პავილიონისი.

„საუბრის დროს ის ძალიან ინტერესდებოდა ჩემი ურთიერთობებით კონგრესმენებთან, კარგად იცოდა ეს. შემდეგ, როდესაც მან განავითარა ეს ინტერესი და მთხოვა მათთან (კონგრსმენებთან) დაკავშირება, ეს საეჭვოდ მომეჩვენა. ამის შემდეგ მას თხოვნის წერილობითი ფორმით მიწოდება ვთხოვე“, – აღნიშნავს დეპუტატი. ის მიიჩნევს, რომ პროვოკაციასთან რუსულ სპეცსამსახურებთან აქვთ კავშირი და მის შემთხვევაში ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა.

დატოვე კომენტარი