რუსმა ოლიმპიელებმა ნაჩუქარი მანქანების გაყიდვა დაიწყეს
რუსმა ოლიმპიელებმა ნაჩუქარი მანქანების გაყიდვა დაიწყეს

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 25 თებერვალს დასრულდა. ორიოდე დღეში, რუს სპორტსმენებს, რომლებმაც ოლიამპიადაზე მედლები მოიპოვეს, საჩუქრად BMW-ს მარკის ავტომობილები გადასცეს – ოქროს მედალოსნებს X5 xDrive30d, ვერცხლის მფლობელებს BMW X4 xDrive30d, ხოლო ბრინჯაოსთვის – BMW X4 xDrive20d.

რუსული მედიიდან ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ჯიპი უკვე იყიდება. მოდელიდან გამომდინარე, მას ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ყიდის. ავტოპორტალზე განთავსებულ განცხადებაში მითითებული BMW X4-ისთვის მფლობელი 4 მილიონ რუბლს ითხოვს (დაახლოებით, 60,000 ევროს).

ვინმე ალექსანდრე პეტროვი მანქანის აღწერაში მიუთითებს – ”ეს არის საპრიზო ავტომობილი, რომელიც 2018 წლის ოლიმპიური თამაშების მედლისთვის არის მიღებული. ავტომობილზე არის რუსეთის ოლიმპიური გუნდის სიმბოლიკა ”რუსეთის გუნდი 2018″.

რუსული მედიის ცნობით, ნაჩუქარი ავტომობილების გაყიდვის პრაქტიკა 2016 წლის რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგაც შეინიშნებოდა – მაშინ რუსი ოლიმპიელები მთავრობამ ”მერსედესისა” და ”აუდის” მარკის ავტომობილებით დაასაჩუქრა.

სხვათა შორის, მაშინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა ოქროსმედალოსანმა მანქანა პირდაპირ კრემლის წინ კოლექციონერს მიჰყიდა.