რუსმა მცველმა არველაძე გაიხსენა - ის უჩვეულოდ თამაშობდა [ვიდეო]

„შოთა არველაძე ერთ-ერთი ის თავდამსხმელია, რომელიც კარიერის განმავლობაში დაამახსოვრდა“ – ეს რუსეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ვადიმ ევსეევმა, რომელიც ამჟამად, რუსეთის პრემიერლიგის „უფას“ მთავარმა მწვრთნელია, „ინსტაგრამზე“ დაწერა.

44 წლის ვეტერანი ფეხბურთელი 1999–2005 წლებში რუსეთის ნაკრების წევრი იყო (20 მატჩი, 1 გოლი) და რუსეთის წამყვანი გუნდებში თამაშობდა – მოსკოვის „სპარტაკში“ (1993-1999), მოსკოვის „ლოკომოტივში“ (2000-2006) და საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლის დიდი გამოცდილება გააჩნია.

ევსეევი ​ანბანის მიხედვით საინტერესო საფეხბურთო ამბებს აქვეყნებს. ამჯერად, ის თავდამსხმელები დაასახელა, რომლებიც კარიერის განმავლობაში დაამახსოვრდა: „ანბანში ასო „ნ“ თავდამსხმელს მახსენებს (ნაპადაიუშჩი – რუსულად თავდამსხმელი). მათგან ძალიან ბევრი წვალება მახსენდება, ისევე როგორც მათ – ჩემთან. 20 მატჩი რუსეთის ნაკრებში ჩავატარე, საკლუბო ტურნირებზეც ისეთ გუნდებს ვხდებოდით, რომელთა თავდამსხმელებიც „მკვლელები“ იყვნენ. საკმარისი იყო ერთი შეხება და გაჰქონდათ. ფეხბურთელი მხოლოდ ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ იზრდებიან. ეს უნდა იყოს არა ეპიზოდები, არამედ მუდმივი გამოცდილება. მე ამ გაგებით გამიმართლა. ვარსკვლავების წინააღმდეგ ბევრჯერ ვითამაშე.“

ევსეევმა საუკეთესოებში დაასახელა ესპანელი რაული, პორტუგალიელი რონალდუ, ბულგარელები ბერბატოვი და პეტროვი, კამერუნელი ეტოო, იტალიელი ვიერი, ურუგვაელი რეკობა, ჩეხი კოლერი, ჰოლანდიელი ბერგკამპი, ფრანგი ანრი, ინგლისელი სმიტი…

ამ სოლიდურ სიაში შოთა არველაძე რუსმა ვეტერანმა ასე დაახასიათა:

„მახსოვს „აიაქსთან“ მატჩებიც. იმ დროისთვის ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება დამიგროვდა. ჩვენთან არველაძემ თავდამსხმელისთვის უჩვეულო პოზიციით გაგვაკვირვა. ის პლეიმეიკერის პოზიციაზე თამაშობდა და თავდასხმის ზონაში ძმები დე ბურები და ოვერმარსი შემოვარდებოდნენ. მაშინ (ამ გუნდში) ისეთები მრავლად იყვნენ, ვის წინააღმდეგაც თამაში ღირდა“ – წერს ინსტაგრამზე ევსევი.

შოთა არველაძე ამსტერდამის „აიაქსში“ 1997-2001 წლებში თამაშობდა და 96 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა. ის არის დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი – სხვადასხვა კლუბის ფორმით ჩატარებულ 410 თამაშებში 291 გოლი გაიტანა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში 29 გოლი (61 მატჩში). უეფა-ს თასზე გატანილი 27 გოლით კი შოთა ტურნირის ბომბარდირებში მეხუთე ადგილზეა.