რუსი ვარსკვლავები პიონჩანგში არ გაუშვეს
რუსი ვარსკვლავები პიონჩანგში არ გაუშვეს

რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს პიონჩანგის 2018 წლის ოლიმპიადაზე მედლების მოპოვების მინიმალური შანსი რჩება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსი სპორტსმენების დოპინგსაქმეების განხილვას ასრულებს და უკვე ცნობილია, რომ პრაქტიკულად ვერც ერთ იმ რუს სპორტსმენს ვერ ვიხილავთ 2018 წლის ზამთრის თამაშებზე, რომლებსაც ამა თუ იმ სახეობაში მედლის მოპოვების შანსი ჰქონდათ.

პირველი, ვისაც პიონჩანგში გამოსვლა აუკრძალეს, შორტტრეკში ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ ანია. ეს სპორტსმენი 2011 წლამდე სამხრეთ კორეის სახელით გამოდიოდა და 2006 წელს ტურინის ოლიმპიადაზე სამი ოქრო მოიგო. 2011 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და 2014 წლის სოჭის თამაშებზე კიდევ სამჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ანის დისკვალიფიკაციას აკრძალვების მთელი სერია მოჰყვა. გაირკვა, რომ ოლიმპიადაზე არ დაუშვებენ ბიატლონისტ ანტონ შიპულინს და მოთხილამურე სერგეი უსტიუგოვს. შიპულინი სოჭის 2014 წლის ოლიმპიური ჩემპიონია, უსტიუგოვმა კი შარშან პრესტიჟული სერია – „ტურ დე სკი“ მოიგო.

ასევე, ოლიმპიადის მიღმა დატოვეს მოციგურავეთა ნაკრების ლიდერები, მსოფლიოს ჩემპიონები – დენის იუსკოვი და პაველ კულიჟნიკოვი.

რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებს არ ეყოლება ოთხი წამყვანი მოთამაშე – ანტონ ბელოვი, სერგეი პლოტნიკოვი, ვალერი ნიჩუშკინი და მიხაილ ნაუმენკოვი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებამ ფიგურულ ციგურაობაში ორი რუსული წყვილი გახლიჩა. ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება არ მისცეს ქსენია სტოლბოვასა (სპორტული წყვილები) და ივან ბუკინს (სპორტული ცეკვები). სტოლბოვამ ფიოდორ კლიმოვთან წყვილში ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო, ბუკინი და ალექსანდრა სტეპანოვა ამავე ტურნირზე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

ჩამოთვლილ სპორტსმენთა დიდი ნაწილი არასოდეს ჩავარდნილა დოპინგზე. შესაბამისად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ოფიციალური განცხადების მეშვეობით მოუწია თავისი გადაწყვეტილების ახსნა. სოკ-ის უარს ამბობს ამ სპორტსმენების ოლიმპიადაზე გაშვებაზე იმის გამო, რომ მათი გვარები მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ბაზაში ფიგურირებს.

„ძირითადი როლი ითამაშა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ელექტრონულმა ბაზამ, რომელიც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ 2017 წლის ნოემბერში მოიპოვა. მასში მოცემულია რუსი სპორტსმენების ყველა ტესტირების შედეგი 2012 წლის იანვრიდან 2015 წლის ივლისამდე. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უარყოფილია რუსი სპორტსმენების განაცხადები პიონჩანის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე“, – წერია განცხადებაში.