რუსი მსახიობი კვირკველიაზე - ეს ექსტრაკლასის მცველი „ლოკომოტივმა“ როგორ გაუშვა
მსახიობმა, მოსკოვის „ლოკომოტივის“ გულშემატკივარმა, ვალერი ბარინოვმა, გამოცემა „ვსე პრო სპორტთან“ ინტერვიუში გუნდის მენეჯმენტი და მწვრთნელები რუსეთის პრემიერლიგის მე -18 ტურში „კრასნოდართან“ მარცხის (0:5) შემდეგ გააკრიტიკა და საბა კვირკველიას წასვლას უდიდესი შეცდომა უწოდა.
„დღევანდელი მატჩის წაგება 2020 წლის 31 მაისს დაიწყო, როდესაც იური სიომინი გაუშვეს. მაშინ ჩაეყარა საფუძველი ასეთ დამარცხებებს. კვირკველია მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ მან მხარს სიომინს დაუჭირა. მან საბასგან ექსტრაკლასის ფეხბურთელი შექმნა, სიომინის გაშვების შემდეგ კი კვირკველიაც გაუშვეს და მის ნაცვლად რაიკოვიჩი მოიყვანეს – ეს იყო სრული გაუგებრობა. სიტყვები არ მყოფნის, ეს იყო დიდი შეცდომა.
გუნდის ხელმძღვანელობაზე მხოლოდ ერთი აზრი მომდის თავში, ისიც ისეთი უხამსი, დასაბეჭდად რომ არ ივარგებს. ასეთი მატჩის შემდეგ ნიკოლიჩი უნდა წავიდეს. კიკნაძე ამტკიცებდა, რომ პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებდა. ჰოდა, აიღე ამ წაგებებზე პასუხისმგებლობა, ადექი და მშვიდად წადი. ან რა ქნა „ლოკომოტივმა“ ჩემპიონთა ლიგაზე. ვინ იტყვის, რომ ისინი ისევე თამაშობდნენ, როგორც სიომინის გუნდი „იუვენტუსთან“?. „ზალცბურგი“ ჩამოვიდა, გაიქცა და მოიგო“, – განაცხადა ბარინოვმა.
18 ტურის შემდეგ, მოსკოვის „ლოკომოტივი“ რუსეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა. „რკინიგზელების” ანგარიშზე 28 ქულაა. საბა კვირკველიამ კი გუნდი შემოდგომაზე დატოვა და იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ თამაშობს.