რუსი მძლეოსნები ისევ დროშისა და ჰიმნის გარეშე რჩებიან
რუსი მძლეოსნები ისევ დროშისა და ჰიმნის გარეშე რჩებიან

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IAAF) არ აღუდგინა უფლებები რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას. ამგვარი გადაწყვეტილება IAAF-მა საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღო. ასე რომ, ამ გადაწყვეტილების თანახმად, რუსი მძლეოსნები საერთაშორისო ტურნირებზე კვლავინდებურად დროშისა და ჰიმნის გარეშე გამოვლენ.

სტატუსის დაბრუნებისთვის რუსული მხარის მუშაობა შეაფასა საერთაშორისო ფედერაციის სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ნორვეგიელი რუნე ანდერსენი ხელმძღვანელობდა. მან განაცხადა: „ჩვენ გავეცით რეკომენდაცია და საბჭო დაგვეთანხმა, რომ რუსეთის ფედერაციას არ უნდა აღუდგინონ უფლებები“. არადა, რუსულმა მხარემ გადაიხადა 3.2 მილიონი დოლარი, რომელიც საერთაშორისო ფედერაციამ დააკისრა.

დღეისათვის, IAAF აწარმოებს გამოძიებას რუსი მძლეოსნის დანილ ლისენკოს საქმეზე. სიმაღლეზე მხტომელმა სამი დოპინგ-ტესტი გამოტოვა და 2018 წლის სამ აგვისტოს დროებითი დისკვალიფიკაცია მიიღო. საერთაშორისო ფედერაციას ეჭვი აქვს, რომ რუსული ფედერაციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს დოკუმენტები ლისენკოსთვის სასჯელის თავიდან ასაცილებლად.

შეგახსენებთ, IAAF-მა რუსეთის ფედერაციის წევრობა 2015 წელს შეაჩერა, 2016 წელს კი რუსი მძლეოსნები არ დაუშვა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე. 2017 წლიდან მოყოლებული, რუსები ინდივიდუალურ განაცხადებს ავსებენ საერთაშორისო ტურნირებზე ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოსასვლელად.