რუსი ფეხბურთის სელექციონერის აზრით, კვარაცხელია „ნაპოლიში“ ვერ გადავა #1TVSPORT
რუსი ფეხბურთის სელექციონერის აზრით, კვარაცხელია „ნაპოლიში“ ვერ გადავა #1TVSPORT

„მე ისიც მეეჭვება, რომ „ნაპოლიში“ გადავა“, – ეს პარადოქსული განცხადება ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რუსმა ფეხბურთის სელექციონერმა და ფუნქციონერმა პაველ სტიპიდიმ გააკეთა, რომლის სიტყვების ტირაჟირებაც რუსულმა მედიამ სცადა.

მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლიტანური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ 21 წლის ქართველი ფლანგის თავდამსხმელი „ნაპოლიში“ ჩაირიცხება, ეს „სპეციალისტი“ (მუშაობდა სარატოვის „სოკოლში“, მახაჩკალას „დინამოსა“ და „ანჟიში“, გროზნოს „ტერეკში“) საჯაროდ ცდილობს ეს ფაქტი უარყოს და ხვიჩა კვარაცხელიას დამცირება და შეურაცხყოფა გადაწყვიტა.

რუსმა სელექციონერმა და ფუნქციონერმა კომენტარი „ევრო ფუტბოლთან“ გააკეთა, სადაც ყველაზე დიდი პარადოქსი ისაა, რომ ევროპის ჩემპიონი ქვეყნის, იტალიის ჩემპიონატს „ფსკერზე მყოფი“ უწოდა და კომენტარი გააკეთა „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას პერსპექტივაზე, რომელიც მანამდე რუსეთში „ლოკომოტივსა“ და „რუბინში“ თამაშობდა.

„შეხედეთ, იტალიის ჩემპიონატი რას დაემსგავსა? წაიკითხეთ მათი საუკეთესო ფეხბურთელების სიტყვები, რომლებიც აქამდე თამაშობდნენ სერია ა-ში. ამბობენ, რომ დღეს იტალიის ჩემპიონატი ფსკერზეა… თუ როგორც ამბობენ. და მე ვეთანხმები. როცა თამაშობენ 36 წლის, 38 წლის, 42 წლის ფეხბურთელები, ეს გამოდის, რომ ფეხით მოსიარულეთა ჩემპიონატია. მაგრამ კვარაცხელია იტალიაშიც ვერ ითამაშებს, რადგან მისი დონე საქართველოს ჩემპიონატია. რუსეთში ცოტათი გაბრწყინდა და სწრაფადვე ჩაქრა. ჩვენმა ჟურნალისტებმა მისგან პელე შექმნეს, ის კი მალევე ჩაიფუშა. თუ ძლიერი ფეხბურთელია, ვინ შეუშალა ხელი? მე ისიც მეეჭვება, რომ სინამდვილეში „ნაპოლიში“ აღმოჩნდება“, – განაცხადა პაველ სტიპიდიმ.

აქვე ვიტყვით, რომ იტალიის სერია ა-ში, ანუ ამ პიროვნების მიერ „მოსიარულეთა ჩემპიონატად“ წოდებული ტურნირიდან იყო პაოლო მალდინი, რომელიც 39 წლის გახდა ჩემპიონთა თასის და ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.

რუსულ მედიაში ბოლო დროს ხშირად შეხვდებით აშკარად მტრულ კომენტარებს ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, მაგრამ ასეთი აგრესია პირველად გამოამჟღავნეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამ ქვეყნის ჩემპიონატი დატოვა და ბათუმის „დინამოში“ გადავიდა.