რუსი ჩოგბურთელი როლან გაროსზე მატჩის ჩაწყობაშია ეჭვმიტანილი
რუსი ჩოგბურთელი როლან გაროსზე მატჩის ჩაწყობაშია ეჭვმიტანილი

რუსი ჩოგბურთელი იანა სიზიკოვა მიმდინარე როლან გაროსზე ჩაწყობილ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიებას ერთობლივად აწარმოებენ საჩოგბურთო ანტიკორუპციული ორგანიზაცია (Tennis Integrity Unit) და საფრანგეთის პოლიცია. ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა „ველტმა“ დაწერა.

ბუკმეიკერთა ყურადღება მიიპყრო საეჭვო ფსონებმა, რომელიც როლან გაროსის წყვილთა ტურნირის მატჩის დროს გაკეთდა. რუსმა იანა სიზიკოვამ ამერიკელ მედისონ ბრენგლთან წყვილში 6:7, 4:6 წააგო რუმინელთა დუეტთან პატრიცია მარია ციგისა და ანდრეა მიტუს შემადგენლობით. ფსონები გაკეთდა იმაზე, რომ სიზიკოვა და ბრენგლი წააგებდნენ მეორე პარტიის მეხუთე გეიმს. ამ გეიმში სიზიკოვა აწვდიდა და მან ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. გეიმი რუსმა და ამერიკელმა „მშრალი“ ანგარიშით წააგეს.

ცნობილი არ არის ზუსტი თანხა, რომელიც სხვადასხვა ტოტალიზატორში ამ გეიმზე დაიდო, მაგრამ, ინსაიდერთა შეფასებით, თანხის ოდენობა რამდენიმე ასეულ ათას ევროს უნდა აღწევდეს. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, რამდენად იყვნენ ჩათრეულნი მოთამაშეები ამ სავარაუდო მანიპულაციაში.