რუსეთში უკრაინის მოქალაქეს ტერაქტისკენ წაქეზების ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთში უკრაინის მოქალაქეს ტერაქტისკენ წაქეზების ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს

დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ უკრაინის მოქალაქეს, პაველ გრიბს ტერაქტის განხორციელებისკენ წაქეზებისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ვერსიით, 2017 წელს პაველ გრიბს მიმოწერა ჰქონდა ქალაქ სოჭის მცხოვრებ უფროსკლასელ გოგონასთან და ცდილობდა, დაეთანხმებინა, რომ სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ბომბი აეფეთქებინა.

პაველ გრიბი დანაშაულს არ აღიარებს. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. ადვოკატის, მარინა დუბროვინას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შიმშილობა დაიწყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს პროტესტი გამოუცხადა და განაჩენის გაუქმება მოითხოვა.

უკრაინული მხარე თავისი მოქალაქისთვის წაყენებულ ბრალდებებს ყალბს უწოდებს.

უკრაინის 19 წლის მოქალაქე პაველ გრიბი ბელარუსის ტერიტორიაზე 24 აგვისტოს დაიკარგა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა  მხოლოდ 14 დღის შემდეგ განაცხადა, რომ პაველ გრიბი კრასნოდარში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ის სოჭის ერთ-ერთ სკოლაში აფეთქების მომზადების ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულის ახლობლები მიიჩნევენ, რომ რუსული სპეცსამსახურები პაველ გრიბით სოციალურ ქსელებში მის მიერ გამოთქმული პოლიტიკური შეხედულებების გამო დაინტერესდნენ.

ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახმა რუსეთის ხელისუფლების ქმედების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

პაველ გრიბი დაავადებულია პორტალური ჰიპერტენზიის სინდრომით. წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.