რუსეთში სეზონის განახლების თარიღები დაასახელეს
რუსეთში სეზონის განახლების თარიღები დაასახელეს

რუსეთის პრემიერლიგაში (სადაც საქართველოს ნაკრების ხუთი ფეხბურთელი თამაშობს) სეზონი, შესაძლოა 21 ან 28 ივნისს განაახლონ და კვირაში ორჯერ ითამაშონ – ინფორმაციას რუსული პრემიერლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელები რუსეთის პრემიერლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ და გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს. უეფა ყველა ლიგას რეკომენდაციას უწევს, რომ სეზონი 2 აგვისტოს დაასრულონ, რათა 3 აგვისტოს უეფა-ს ევროთასების ახალი გათამაშების მონაწილეთა სია ჰქონდეს. რუსული კლუბები კი ევროგათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებენ, რომელიც 11-13 აგვისტოსაა დაგეგმილი.

რუსები კალენდრის რამდენიმე ვარიანტს განიხილავავენ. პირველის მიხედვით, ჩემპიონატი 21 ივნისს განახლდება, ხოლო მეორეს თანახმად, 28 ივნისს. ამავე დროს, რუსეთის პრემიერლიგისა და საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელები გუნდებს ფეხბურთელთა ვარჯიშის შესახებ რეკომენდაციებით დაეხმარებიან. ეს შეეხება საკარანტინო და თვითიზოლაციის რეჟიმში ინდივიდუალური ვარჯიშის ჩატარებას, მოთამაშეთა სამედიცინო ტესტირებას. ასევე, დოკუმენტში აღწერილია პირობები, რომლის მიხედვითაც შეუძლიათ დაიწყონ ჯგუფური ვარჯიში, შემდეგ კი კლუბურ ბაზებზე სრულფასოვანი გუნდური მომზადების გავლა. ლიგა განიხილავს უმაყურებლოდ თამაშების ჩატარების ვარიანტს, თუ სეზონის განახლებისას საჯარო ღონისძიებებზე შეზღუდვები ისევ იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერლიგაში სულ 9 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: საქართველოს ნაკრების წევრები არიან საბა კვირკველია, გია გრიგალავა, ხვიჩა კვარაცხელია, ზუკა დავითაშვილი და ჯიმი ტაბიძე, ხოლო რუსეთის მოქალაქეები – გიორგი ჯიქია, გიორგი შელია, გურამ თეთრაშვილი და გიორგი მელქაძე.