რუსეთში პიონჩანგის ალტერნატივად სოჭს განიხილავენ
რუსეთში პიონჩანგის ალტერნატივად სოჭს განიხილავენ

რუს სპორტსმენებს, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვა, სავარაუდოდ სოჭში ალტერნატიულ ტურნირზე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცემათ.

რუსეთის ფედერაციის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ალტერნატიული პირველობა ახლო მომავალში აიღებს სტარტს და მასში მონაწილეობას 500-ზე მეტი სპორტსმენი შეძლებს.

რუსების გარდა, სოჭში XXII ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში მიწვეულნი არიან უცხოელი სპორტსმენები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ოლიმპიური ლიცენზიების გარეშე დარჩნენ.

„სოჭი მზად არის ჩაატაროს უმაღლესი დონის საერთაშორისო ასპარეზობები. ყველა ობიექტი, რომელიც სოჭის ოლიმპიადის დროს გამოიყენებოდა, შესანიშნავ მდგომარეობაშია. ათლეტთა მისაღებად ნებისმიერ დროს მზად ვართ. ამიტომაც, შეჯიბრებათა უმეტესობა მათთვის, ვინც პიონჩანგში არ დაუშვეს, სწორედ სოჭში გაიმართება“, – აღნიშნავს რუსეთის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლი.

პიონჩანგი 2018-ის მოწვევა 169 რუსმა ათლეტმა მიიღო. დელეგაციის სრული შემადგენლობა 340 კაცისგან შედგება. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის სტანისლავ პოზდნიაკოვის თქმით, განაცხადში მყოფი თითოეული სპორტსმენი ოლიმპიადაზე წასვლის გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.