რუსეთში ნაგვის გადამამუშავებელი პოლიგონის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების მიმართ პოლიციამ ძალა გამოიყენა [ვიდეო]

მოსკოვის ოლქის ქალაქ ლიკინო დულევოში პოლიციამ ძალა გამოიყენა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ნაგვის გადამამუშავებელი პოლიგონის მშენებლობას აპროტესტებენ.

დემონსტრანტებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს და ხეების მოჭრის შეჩერება სცადეს. როგორც რუსული მედია პოლიტიკოს დიმიტრი გუდკოვზე დაყრდნობით წერს, დაკავებულია დაახლოებით 15 ადამიანი.

როგორც თვითმხილველი, აქციის მონაწილე ეკატერინა ბელოვა რუსულ მედიასთან საუბარში ამბობს, აქციის მონაწილეებმა ხეებს ხელები მოხვიეს, რათა მათი მოჭრა არ დაეშვათ, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შემდეგაც ადგილზე ხეების ჭრა დაიწყო.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აქციის დაშლაში როსგვარდიის ფორმაში ჩაცმული პირები მონაწილეობდნენ, თუმცა როსგვარდიის პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ დასახლებაში მათი დანაყოფები ჩაიყვანეს.

საპროტესტო აქციაში 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

მოსკოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მარტში დაიწყო. როგორც „ნოვაია გაზეტა“ წერს, ჭაობიან ტყეში, სადაც მშენებლობა იგეგმება, „წითელ წიგნში“ შეტანილი ცხოველები ბინადრობენ. ამას გარდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხი მდინარე იღებს სათავეს. ადგილობრივები შიშობენ, რომ ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის ნაცვლად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ნაგვის გადამამუშავებელი პოლიგონის მშენებლობას კომპანია „ქარტია“ გეგმავს, რომელიც რუსეთის გენერალური პროკურორის, იური ჩაიკას შვილს, იგორ ჩაიკას ეკუთვნის.