რუსეთში მელდონიუმის შემცვლელი პრეპარატი მოიგონეს
რუსეთში მელდონიუმის შემცვლელი პრეპარატი მოიგონეს

რუსეთში სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს მეცნიერებმა შეიმუშავეს ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელმაც უნდა შეცვალოს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ აკრძალული მელდონიუმი. ახალი პრეპარატი შეიცავს ამინომჟავებსა და მინერალებს.

„ჩვენ შევქმენით ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. აქ იგივე ამინომჟავები და მინერალებია. ის არ არის დოპინგი და არც სამკურნალო პრეპარატი. ეს არის იმ დანამატების ნაკრები, რომელსაც ყოველ დღე ვიყენებთ, მაგალითად, საკვებში“, – განაცხადა სააგენტოს პრეზიდენტმა ვლადიმირ უიბამ.

სპეციალისტმა დაამატა, რომ აღნიშნული დანამატის გამოყენება უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ მელდონიუმი აკრძალული პრეპარატების სიაში 2016 წლის იანვარში მოხვდა. ამ პრეპარატის გამოყენების გამო, დისკვალიფიკაცია მიიღო რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ.