რუსეთში ლეგიონერების ჩაყვანის პრობლემა შეიქმნა
რუსეთში ლეგიონერების ჩაყვანის პრობლემა შეიქმნა

რუსეთის საფეხბურთო კავშირმა პრემიერ ლიგის 2019/2020 წლების სეზონის განახლება გადაწყვიტა. ჩემპიონატი 21 ივნისიდან გაგრძელდება, მაგრამ მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ამ დროს, როგორც გაირკვა, ერთი სერიოზული პრობლემა შეიქმნა, რომელიც ქვეყანაში ლეგიონერების ჩასვლას უკავშირდება. ამის შესახებ გამოცემა „ბაშირინფომ“ დაწერა, რომელიც „უფას“ ლეგიონერების და მათ შორის, ჯიმი ტაბიძის პრობლემას შეეხო.

„გუნდში ლეგიონერები დაბრუნდებიან ან საერთოდ, გუნდი სეზონს მათ გარეშე ითამაშებს. „უფას“ ლეგიონერის ბედი ნათელი ჯერ კიდევ არაა. პანდემიის დაწყებისა და სეზონის შეჩერებისთანავე ისინი სახლში წავიდნენ და რუსეთში ვერ დაბრუნდებიან, რადგან საზღვრები დაკეტილია. ასეთივე ვითარებაა სხვა გუნდებშიც. ჩვენი ინფორმაციით, ორი ვარიანტი არსებობს და საკითხი ცენტრალური ხელისუფლების დონეზე გადაწყდება. მზადდება დოკუმენტი, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის სამოცივე ლეგიონერს ქვეყანაში დაბრუნების საშუალებას მისცემს. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს მოუწევს ორკვირიანი თვითიზოლაციის გავლა. თუ ასე არ მოხდება და ლეგიონერები ვერ დაბრუნდებიან, კლუბები სეზონს მხოლოდ რუსი ფეხბურთელებით დაასრულებენ“, – წერს გამოცემა.

რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ტურნირები 31 მაისამდე შეაჩერა. რუსეთის პრემიერლიგაში 30 ტურიდან 22 გაიმართა. 2019/2020 წლების სეზონის განახლება რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე 15 მაისს გადაწყდა.

რუსეთის პრემიერლიგაში ცხრა ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: საქართველოს ნაკრების წევრები საბა კვირკველია, გია გრიგალავა, ხვიჩა კვარაცხელია, ზუკა დავითაშვილი და ჯიმი ტაბიძე. ასევე რუსეთის მოქალაქეები – გიორგი ჯიქია, გიორგი შელია, გურამ თეთრაშვილი და გიორგი მელქაძე.