რუსეთმა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და როვნოს ოლქებზე მორიგი სარაკეტო დარტყმები მიიტანა
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და როვნოს ოლქებზე მორიგი სარაკეტო დარტყმები მიიტანა

რუსეთმა მორიგი სარაკეტო დარტყმები მიიტანა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და როვნოს ოლქებზე. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დნეპროპეტროსკის ოლქში რუსეთის სამიზნე გახდა ქალაქი ნიკოპოლი. დარტყმების შედეგად, დაიღუპა სულ მცირე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ეს 67 წლის ქალი იყო. კიდევ ოთხი ადამიანი დაიჭრა. მათგან სამი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რუსეთის არმიამ ქალაქს ცეცხლი „გრადებიდან“, „სმერჩიდან“ და მძიმე არტილერიიდან გაუხსნა.

რუსეთის არმიის მიერ ნასროლი ორი რაკეტა დღეს ქალაქ ხარკოვში ჩამოვარდა. შედეგად, ერთი ადმინისტრაციული შენობა დაინგრა. ქალაქის მერის განცხადებით, ამ ეტაპზე მსხვერპლი არ არის.

როვნოს ოლქში კი რუსეთის სამხედროების სამიზნე გახდა სამხედრო ობიექტი, რომელიც ქალაქ სარნების სიახლოვეს მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.