რუსეთის თავდასხმის შედეგად აფეთქებების სერია იყო ხარკოვში, კროპივნიცკში, იზიუმსა და პოლტავაში, რუსული მხარე კი ქვეყნის შვიდ რეგიონზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება
რუსეთში MiG-31K თვითმფრინავის აფრენის შემდეგ მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
ამის შემდეგ აფეთქებების სერია იყო ხარკოვში, კროპივნიცკში, იზიუმსა და პოლტავაში. გარდა ამისა, ირკვევა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული რაკეტები პავლოგრადისა და დნეპრის მიმართულებითაც დააფიქსირეს.
რუსული მხარე კი დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება. ვოლგოგრადის გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმა რუსეთის ფედერაციის შვიდ რეგიონზე განხორციელდა. შედეგად, რამდენიმე აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით განხორციელებულ თავდასხმას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის დროს დრონების ფრაგმენტების ვარდნამ რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.