რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური თავდასხმის განხორციელება სცადეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმზე მასიური თავდასხმის განხორციელება სცადეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, კიევმა სცადა უპილოტო თვითმფრინავებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე თავდასხმა. მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 19 უპილოტო საფრენი აპარატი შავ ზღვასა და ყირიმის თავზე, ხოლო ბელგოროდის, კურსკისა და ორიოლის რაიონებში – თითო-თითო.
„ღამით კიევის რეჟიმი ცდილობდა ტერორისტულ თავდასხმას უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვამ შავი ზღვის თავზე და ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაანადგურეს 19 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, კურსკის, ბელგოროდისა და ორიოლის რეგიონების ტერიტორიებზე კი – თითო-თითო“, – ნათქვამია განცხადებაში.