რუსეთის თავდაცვის უწყება - თებერვლის ბოლოს სირიაში სამი რუსი სამხედრო დაიღუპა
რუსეთის თავდაცვის უწყება - თებერვლის ბოლოს სირიაში სამი რუსი სამხედრო დაიღუპა

თებერვლის ბოლოს სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ცნობით, სამხედროები დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში, ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის შემდეგ, მებრძოლთა ჯგუფთან შეტაკებისას დაიღუპნენ. თავდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა და სპეცრაზმმა რუსი სამხედროების მკვლელობასთან დაკავშირებული 30-ზე მეტი მებრძოლისგან შემდგარი ჯგუფი გაანადგურეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, სირიაში 2015 წლის 30 სექტემბერს სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ საბრძოლო მოქმედებებში 40-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა. თუმცა, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს რიცხვი გაცილებით დიდია.