რუსეთის ნაკრების მოთამაშეები ჩხუბისთვის დააკავეს (ვიდეო)

მოსკოვში „კრასნოდარის“ ნახევარმცველი პაველ მამაევი და „ზენიტის“ თავდამსხმელი ალექსანდრე კოკორინი დაიჭირეს – მათ ბრალად მასობრივი ჩხუბის გაჩაღება ედებათ.

ორივე რუსეთის ნაკრების ფეხბურთელია და 2016 წლიდან რუსეთის მთავარი სკანდალისტების სახელი აქვთ. ისინი მოსკოვის ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდნენ და ისე გამომწვევად იქცეოდნენ, საქმეში დაცვის თანამშრომლები ჩაერივნენ. მაგრამ მოთამაშეები მაინც არ დაწყნარდნენ, ვითარების განმუხტვა კაფეს მუდმივმა კლიენტმა სცადა და კოკორინმა და მამაევმა ისიც სკამით ცემეს.

ეს პიროვნება რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანამშრომელი დენის პაკა აღმოჩნდა. მასთან ერთად მისი თანმხლებიც არ დაინდეს და ორივეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. პაკას კბილი აქვს ჩატეხილი და სახეზე ნაკერები დაადეს.

კოკორინსა და მამაევს კი ეს ჩხუბი ძვირად დაუჯდათ. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. უფლებადამცველი გენადი უდუნიანი კი ამტკიცებს, რომ ჩხუბი არა ყოფით, არამედ ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.

„ჩემი კლიენტების დაშინების მოტივი რასობრივი სიძულვილი იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

საფეხბურთო კლუბ „კრასნოდარის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ გუნდის ხელმძღვანელობა მოთამაშესთან ხელშეკრულების დარღვევის შესაძლებლობას სწავლობს. „სამწუხაროდ, ხელშეკრულებები შედგენილია იმგვარად, რომ ის პროფესიონალ სპორტსმენებს მაქსიმალურად იცავს. მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ამას რომ მივაღწიოთ“.

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ძალაშია, „კრასნოდარის“ ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ მამაევის წინააღმდეგ ყველა შესაძლო სანქციამ გამოიყენებს. „ჩვენ მოთამაშეებს მაქსიმალურ ჯარიმას დავაკისრებთ, პირველი გუნდიდან კი სათადარიგოებში გადავიყვანეთ“.

„ზენიტმა“ უფრო ლოიალური პოზიციოა დაიკავა – გუნდის მენეჯმენტმა კოკორინის ქცევა კი დაგმო, მაგრამ სასჯელი არ დააკისრა და მხოლოს ეს განაცხადა: „იმედს გამოვთქვამთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოსკოვში მომხდარ ინციდენტს გამოიძიებენ“.