რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის 95 პროცენტზე მეტი უკვე აშენებულია
რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის 95 პროცენტზე მეტი უკვე აშენებულია

რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის 95 პროცენტზე მეტი უკვე აშენებულია. რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, მილსადენი საბოლოოდ დასრულდება, „მიუხედავად აშშ-ის დესტრუქციული ქმედებებისა, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს მის განხორციელებას“.

რუსი მაღალჩინოსნის თქმით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ კომერციული პროექტია, რომელსაც უცხოური კომპანიები ახორციელებენ, რომლებიც რუსული გაზის განთავსებით არიან დაინტერესებული.

„ეს პროექტი სრულად შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას. უბრალოდ, კონკურენტული ბრძოლაა ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომელთაც სურთ თავიანთი თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდება ევროპაში“, – განაცხადა ნოვაკმა.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“ რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიისთვის წლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. პროექტს აშშ-ი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილი ეწინააღმდეგებიან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პროექტის განხორციელება რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.