რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია - მორწმუნეებს ათონის მთაზე მდებარე მონასტრების მონახულება შეეძლებათ
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია - მორწმუნეებს ათონის მთაზე მდებარე მონასტრების მონახულება შეეძლებათ

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში განაცხადეს, რომ მორწმუნეებს ათონის მთაზე მდებარე მონასტრების მონახულება შეუძლიათ. აღნიშნული განცხადება რუსეთის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა ტელეკომპანია BBC-ს რუსულენოვან ბიუროს ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანს, ვისაც აქვს საბერძნეთის ვიზა და ათონის მთაზე მონასტრების მონახულების ნებართვა, შეუძლია მოინახულოს ეს ადგილი ტურისტის რანგში.

ილარიონის თქმით, ეს ეხება როგორც მორწმუნეებს, ისე მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმსახურებს. როგორც მან განმარტა, კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა ეხება მხოლოდ ღვთისმსახურებასა და ზიარებას.

„ჩვენ შეგვიძლია ვეწვიოთ ამ მონასტრებს, როგორც მორწმუნეები, ტურისტები. ადამიანური კავშირების გაწყვეტაზე საუბარი არ არის“, – აცხადებს მიტროპოლიტი.

„იმ შემთხვევაში კი, თუ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური კონსტანტინოპოლის ეკლესიაში ღვთისმსახურებაში მიიღებს მონაწილეობას, მსჯელობის საგანი გახდება“, – ამბობენ რუსეთის საპატრიარქოში.

მანამდე რუსეთის ეკლესიაში განაცხადეს, რომ მრევლის წარმომადგენლებს კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიებში ლოცვა ეკრძალებათ და ეს ცოდვად ჩაითვლება. აკრძალვა ეხებოდა ათონის მონასტრებსაც.