რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია - კონსტანტინოპოლი დიქტატისა და ზეწოლის ენაზე საუბრობს
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია - კონსტანტინოპოლი დიქტატისა და ზეწოლის ენაზე საუბრობს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ისევე, როგორც ყველა სხვა ეკლესია, არ არის ვალდებული კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებებს დაემორჩილოს, – ეს განცხადება რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა, ვახტანგ ყიფშიძემ გააკეთა. მისივე თქმით, კონსტანტინოპოლი აგრძელებს დიქტატისა და ზეწოლის ენით საუბარს.

„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ჩვენი ეკლესიის მისამართით, დიქტატისა და ზეწოლის ენით საუბარს განაგრძობს“, – განაცხადა რუსეთის ეკლესიის მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ყიფშიძემ.

მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი იგორ იაკიმჩუკი კი, ამბობს, რომ პატრიარქ ბართლომეს უფლებამოსილება მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე ვრცელდება და არა სხვა ეკლესიებზე.

მანამდე მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ ის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე უარს არ იტყვის და უკან არ დაიხევს, ხოლო რუსეთს მოუწევს მისდიოს ამ გადაწყვეტილებას, რადგან მოსკოვს სხვა არჩევანი არ აქვს.