რუსეთის, ირანისა და თურქეთის მორიგი სამიტი თეირანში გაიმართება
რუსეთის, ირანისა და თურქეთის მორიგი სამიტი თეირანში გაიმართება

რუსეთის, ირანისა და თურქეთის მორიგი სამიტი თეირანში გაიმართება. ამის შესახებ სამი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამია. სამიტზე რეგიონული და საერთაშორისო მოვლენები იქნება განხილული, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა.

ანკარაში გამართული სამმხრივი შეხვედრის მთავარი თემა სირიის კრიზისი იყო.

სამი პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არანაირმა ქმედებებმა არ უნდა შელახოს სირიის სუვერენიტეტი, ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა. ამასთან, ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმები სირიაზე ვითარების დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, რაც რეგიონში დაძაბულობას ამწვავებს.

როგორც ერთობლივ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, სირიაში მშვიდობის მიღწევა მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტებით არის შესაძლებელი. რუსეთის ლიდერის თქმით, სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შემადგენლობა სრულად შეთანხმებულია.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობის დამყარების შემდეგ, სირია ყველა უცხოურმა სამხედრო დანაყოფებმა უნდა დატოვონ. მან სირიაში ამერიკელი სამხედროების ყოფნას უკანონო უწოდა და ამავე დროს განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს სირიის არმიის მხარდაჭერას ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

თავის მხრივ, სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ სირიის კრიზისის დარეგულირებაში ერთადერთი მიდგომა დიპლომატიაა.