რუსეთის განცხადება საქართველოს საჰაერო სივრცეში „ღია ცის შეთანხმების“ შესრულებაზე - პარტნიორებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ჩვენი ქვეყნის მოთმინება უსასრულო იქნება
რუსეთის განცხადება საქართველოს საჰაერო სივრცეში „ღია ცის შეთანხმების“ შესრულებაზე - პარტნიორებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ჩვენი ქვეყნის მოთმინება უსასრულო იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია ცის საკონსულტაციო კომისიის მიერ 2019 წლის სადამკვირვებლო ფრენების კვოტების გადანაწილებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქვამს, რომ „ღია ცის შეთანხმების“ ფართომასშტაბური შესრულება აღდგება, რისი მთავარი ნაწილი სწორედ სადამკვირვებლო ფრენებია.

რუსეთის მტკიცებით, „ღია ცის შეთანხმების“ შესრულების ერთწლიანი შეჩერების მიზეზი თბილისის მხრიდან „ვალდებულებების უხეში დარღვევა, მისი მფარველების უპასუხისმგებლო ქმედება, ასევე შეთანხმების ზოგი მონაწილე სახელმწიფოების პასიურობა“ გახდა.

„აშკარაა, რომ ვიღაცას სურდა „ღია ცის შეთანხმების“ საბოლოოდ დაშლა ან მისი დიდი ხნით „გაყინვა“, თავისი შიდაპოლიტიკური სიტუაციის განსაკუთრებულობების გათვალისწინებით. თუმცა, ჩვენ ამ ზრახვების განხორციელება არ დავუშვით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთს 2019 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების კვოტები არ მოუთხოვია.

„28 სექტემბერს ჩვენ მომავალ წელთან დაკავშირებით აქტიური კვოტის გადანაწილების შეტყობინება გავგზავნეთ. ის არ შეიცავდა 2019 წელს საქართველოს თავზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების მოთხოვნას. ეს ნაბიჯები შეთანხმების მიმართ მისი მთავარი მონაწილე სახელმწიფოს – რუსეთის პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული მიდგომის გაცნობიერებული დემონსტრაციაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ თბილისის მიერ საქართველოს თავზე რუსეთისთვის სადამკვირვებლო ფრენების აკრძალვა შეთანხმების ვალდებულებების შერჩევითი შესრულების პრეცედენტს ქმნის. რუსული მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში სადამკვირვებლო ფრენების აღდგენის მოთხოვნას კვლავ დააყენებს.

„აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სადამკვირვებლო ფრენების აქტიური კვოტების გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ აუქმებს საქართველოს თავზე ღია ცის რუსული მისიის განხორციელებაზე თბილისის მიერ დაწესებული უკანონო აკრძალვის პრობლემას, რამაც შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შერჩევითი შესრულების პრეცედენტი შექმნა. ვიტოვებთ უფლებას, დავუბრუნდეთ ამ საკითხს და გადავდგათ ნაბიჯები რუსეთის, როგორც ღია ცის შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს უფლებების უზრუნველსაყოფად. პატივცემულ პარტნიორებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ჩვენი ქვეყნის მოთმინება უსასრულო იქნება. მოვუწოდებთ მათ, ახსოვდეთ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმება.

რუსული პრინციპული პოზიცია კავკასიაში რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ორ მონაკვეთთან მომიჯნავე 10-კილომეტრიან ზონებში სადამკვირვებლო ფრენებთან დაკავშირებით რუსული პრინციპული პოზიცია ძალაში რჩება. ეს ეხება მითითებულ ზონებში სადამკვირვებლო ფრენების ჩატარების მუდმივ ნებართვასაც მხოლოდ საქართველოს მიერ რუსული სადამკვირვებლო მისიის მიღების შესახებ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების პირობით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ღია ცის შეთანხმებას“ ეუთო-ს წევრმა 23-მა სახელმწიფომ 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკიში მოაწერა ხელი. შეთანხმების მონაწილეებს შეუძლიათ, ერთმანეთის ტერიტორიაზე სამხედრო აქტიურობის კონტროლის მიზნით, სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ. სადამკვირვებლო მისიების კვოტები წინასწარ შეთანხმებულია. 2011 წელს საქართველომ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტა.