რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა კანონი საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ
რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა კანონი საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ

რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა კანონი საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ. საპენსიო რეფორმის ძალაში შესასვლელად მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

ამგვარად, საპენსიო ასაკი ხუთი წლით, მამაკაცებისთვის 65 წლამდე, ქალებისთვის კი – 60 წლამდე გაზირდება. კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით, ქალებისთვის საპენსიო ასაკის რვა წლით გაზრდა იყო გათვალისწინებული. კანონს 149 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხუთმა მისცა ხმა, ფედერაციის საბჭოს სამმა წევრმა კი, თავი შეიკავა.

კანონპროექტის განხილვისას კომუნისტური პარტიის წევრმა, სენატორმა ვასილი იკონიკოვმა განაცხადა, რომ მთავრობის ინიციატივას საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ რუსეთის მოსახლეობის ორი მესამედი ეწინააღმდეგება.
კენჭისყრა ფედერაციის საბჭოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად გაიმართა. დემონსტრაცია კომუნისტური პარტიის, „მემარცხენე ფრონტისა“ და „იაბლოკოს“ ორგანიზებული იყო.

რუსეთის მთავრობამ საპენსიო რეფორმის შესახებ 2018 წლის 14 ივნისს გამოაცხადა. ხელისუფლების გეგმამ მთელ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი კი, მკვეთრად დაეცა. 29 აგვისტოს ვლადიმერ პუტინი სპეციალურ მიმართვაში რეფორმის პროექტში რამდენიმე ცვლილების შეტანის შესწორებით გამოვიდა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალებისთვის საპენსიო ასაკის არა რვა, არამედ ხუთი წლით გაზრდა იყო.