რუსეთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი საქართველოში დაბრუნდა - „რუსთავი“ ფეხბურთის ფედერაციის ბაზაზე ითამაშებს
რუსეთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი საქართველოში დაბრუნდა - „რუსთავი“ ფეხბურთის ფედერაციის ბაზაზე ითამაშებს

ნიკა ყიფიანი „რუსთავში“ ითამაშებს – ინფორმაციას 22 წლის მოთამაშის ტრანსფერზე ეროვნული ლიგის კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკა თბილისშია დაბადებული, მაგრამ მოსკოვში გადასახლდა, მოსკოვის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა, რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და თითოეულ მათგანში ლიდერი გახლდათ.

ნიკა ყიფიანმა მოსკოვის „ლოკომოტივი“ 2016 წელს დატოვა და კვიპროსის ჩემპიონატში გადავიდა, სადაც ჯერ ახნას „ეთნიკოსში“ ნიკა კაჭარავასთან და ირაკლი მაისურაძესთან ერთად გამოდიოდა, შემდეგ კი ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბ ნიქოზიას „ომონიაში“ ჩაირიცხა, საიდანაც 2018 წლის ზაფხულში „ერმისში“ გადავიდა.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, „რუსთავი“ წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და საშინაო მატჩებს რუსთავში გახსნილი ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის სტადიონზე ჩაატარებს. საფეხბურთო კომპლექსში კარგი მოედნები მოაწყვეს, მაგრამ გულშემატკივრებისთვის ტრიბუნა არ იყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ეს პრობლემა მოაგვარეს და და სტადიონი ოფიციალური მატჩების ჩასატარებლად მზადაა.