რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს დირექტორს საკუთარი უსაფრთხოება აღელვებს
რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს დირექტორს საკუთარი უსაფრთხოება აღელვებს

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა იური განუსმა კოლორადოში კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ სპორტსმენთა დოპინგ-ტესტების შედეგებზე ათასობით ცვლილება შეიტანა.

სექტემბერში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) სკანდალური საკითხის განხილვა დაიწყო. მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემები, რომლებიც წლის დასაწყისში WADA-ს გადასცეს, არ ემთხვევა ძველ მონაცემებს. შესაბამისად, WADA-ს აქვს ეჭვი, რომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ დოპინგ-სინჯები გააყალბა და შემდეგ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გადასცა.

განუსმა ივარაუდა, რომ მონაცემები დამალეს ან შეცვალეს, რომ ყოფილი ვარსკვლავი სპორტსმენების რეპუტაცია და პოზიციები დაეცვათ. ეს სპორტსმენები დღეს მთავრობაში და რუსეთის სპორტულ ორგანიზაციებში არიან, – იტყობინება გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“.

განუსის სიტყვებით, მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემებით მანიპულირების საშუალება ჰქონდათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მაღალ თანამდებობაზე არიან.

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა აღიარა, რომ შიშობს საკუთარ უსაფრთხოებაზე. 2016 წლის თებერვალში, ორი კვირის განმავლობაში მოულოდნელად გარდაიცვალა ორი ადამიანი – რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ სინევი, აგრეთვე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნიკიტა კამაევი. განუსის თქმით, რუსეთის მთავრობა კითხულობს მის ელექტრონულ წერილებს და უსმენს ტელეფონს. აგრეთვე, მის სახლზე თვალთვალი აქვთ დაწესებული.