რუს კომენტატორს სურს, რომ კვარაცხელია „რუბინიდან“ „ზენიტმა“ გადაიბიროს - ხვიჩა ევროპაში თამაშზე ფიქრობს #1TVSPORT
რუს კომენტატორს სურს, რომ კვარაცხელია „რუბინიდან“ „ზენიტმა“ გადაიბიროს - ხვიჩა ევროპაში თამაშზე ფიქრობს #1TVSPORT

ცნობილმა რუსმა ტელეკომენტატორმა გენადი ორლოვმა პეტერბურგის „ზენიტში“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო მიწვევაზე ილაპარაკა. მისი აზრით, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 20 წლის თავდამსხმელი ნევისპირელებისთვის იდეალური შენაძენი იქნება.

„მე ვისურვებდი, რომ ხვიჩამ „ზენიტში” ითამაშოს. ეს მინდოდა მისი „ლოკომოტივიდან“ წასვლის დროსაც. მაშინ ალბათ, კვარაცხელიას ტრანსფერი 12 მილიონი ევრო ღირდა. ახლა კი, როგორც ამბობენ, ყაზანელები უკვე 20 მილიონს ითხოვენ. ეს სერიოზული სამუშაოა, ამაში მარტო გუნდის გენერალური დირექტორი არ უნდა მონაწილეობდეს“, – თქვა ორლოვმა.

კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს. მას ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ორლოვი დიდი ხანია ქართველის პეტერბურგში გადაყვანის მომხრეა. მაგრამ ხვიჩას ევროპიდან ბევრად უფრო საინტერესო და წონიანი კლუბები იწვევენ – „იუვენტუსი“, „ბაიერნი“, „ლიდსი“, სულ ტოპ-ლიგის 15 გუნდი. რაც მთავარია, თავად ხვიჩა კვარაცხელიას კარიერის ევროპაში გაგრძელება სურს.