რუმინული მედია - კრაიოვის „უნივერსიტატეა“ ანზორ მექვაბიშვილის სანაცვლოდ სამ მილიონ ევროს ითხოვს #1TVSPORT
რუმინული მედია - კრაიოვის „უნივერსიტატეა“ ანზორ მექვაბიშვილის სანაცვლოდ სამ მილიონ ევროს ითხოვს #1TVSPORT

კრაიოვის „უნივერსიტატეა“, რომელმაც რუმინეთის ჩემპიონობა 35-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა, შესაძლოა, ერთ-ერთ ლიდერს, ანზორ მექვაბიშვილს შეელიოს, – ინფორმაციას ამის შესახებ Digi Sport-ი ავრცელებს.

„ჩემპიონობის მოპოვებამდე კრაიოვის რამდენიმე ფეხბურთელმა უკვე მიიპყრო სხვა გუნდების ყურადღება, თუმცა კლუბის მფლობელი მიჰაი როტარუ თავისი მოთამაშეების იაფად გაყიდვას არ აპირებს. „უნივერსიტატეას“ ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი 24 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილია. კლუბმა მის სანაცვლოდ კონკრეტული ფასი უკვე დააწესა, მიჰაი როტარუ ქართველი ლეგიონერის ტრანსფერში 3 მილიონ ევროს ითხოვს“, – წერია გავრცელებულ ცნობაში.

ჯერ კიდევ მარტში რუმინული გამოცემა ამტკიცებდა, რომ ქართველ ფეხბურთელს ათენის აეკ-ის მფლობელი აკვირდებოდა. 13 მაისის შემდეგ კი (როდესაც კრაიოვამ რუმინეთის თასის ფინალში კლუჟის „უნივერსიტატეა“ დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა), Digi Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესპანური ლა ლიგის ბინადარ „ხეტაფეს“ წარმომადგენლები მატჩს სწორედ ანზორ მექვაბიშვილის თამაშზე დასაკვირვებლად დაესწრნენ.

მექვაბიშვილი რუმინულ კლუბში 2024 წელს თბილისის „დინამოდან“ 750 000 ევროდ გადავიდა. ამჟამად ნახევარმცველს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 31 მატჩი აქვს ჩატარებული. ავტორიტეტული პორტალის, Transfermarkt-ის მონაცემებით, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.