რუმინული მედია – ანზორ მექვაბიშვილით ლიგა 1-ის გუნდი დაინტერესდა და მზად არის, სამი მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT

11:01, 14.07.2026

„ანზორ მექვაბიშვილს შეუძლია, რუმინეთის სუპერთასის შემდეგ წინ დიდი ნაბიჯი გადადგას, რადგან მასში „ტულუზა“ სამ მილიონ ევროს იხდის“, – კრაიოვის „უნივერსიტატეის“ ქართველი ლეგიონერის შესახებ ინფორმაციას DigiSport-ი ავრცელებს.

„ანზორ მექვაბიშვილი, შესაძლოა, ზაფხულში „ტულუზას“ შეუერთდეს.

ქართველი ნახევარმცველი რუმინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. კრაიოველთა კლუბის ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინ უარყო MLS-ის „ჩიკაგო ფაიერის“ 2.2 მილიონი ევროს ღირებულების შეთავაზება მექვაბიშვილის თაობაზე, თუმცა ქართველი ფეხბურთელი მაინც ბევრი უცხოური კლუბის ყურადღებას იპყრობს.

trumedia.ro-ს ცნობით, კრაიოველთა ნახევარმცველის მიმართ ინტერესი ფრანგულმა კლუბმა, „ტულუზამ“ გამოთქვა. გუნდმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-9 ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ფრანგები მზად არიან, გადაიხადონ რუმინელების მიერ მოთხოვნილი სამი მილიონი ევრო.

მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. ფრანგული პრესა იუწყება, რომ „ტულუზა“ ეძებს ქართველის მსგავსი კალიბრის ცენტრალურ ნახევარმცველს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კლუბი კრისტიან კასერესს დაშორდა.

„უნივერსიტატეა კრაიოვის“ მთავარ აქციონერს, მიჰაი როტარუს კი არ სურს საკვანძო მოთამაშეების დათმობა ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე, რადგან მისი მთავარი მიზანი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა.

„უნივერსიტატეა“ კვლავ ღიაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ იმ პირობით, რომ ანზორი გუნდში დარჩება იქამდე, სანამ კლუბი ჯგუფურ ეტაპზე არ მოხვდება. ლიგა 1-ში შესაძლო გადასვლა კი ქართველისთვის კარიერის პიკი იქნება“, – წერს DigiSport-ი.

მსგავსი