რუმინული გამოცემის ცნობით, ანზორ მექვაბიშვილის შეძენით „ხეტაფე“ და აეკ-ი დაინტერესდნენ #1TVSPORT
კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ რუმინეთის თასის ფინალში „კლუჟი“ პენალტების სერიაში დაამარცხა (0:0, 6:5) და ტიტულის მფლობელი გახდა. მატჩში გამარჯვებულთა ნახევარმცველს, ანზორ მექვაბიშვილს „ხეტაფეს“ სკაუტები აკვირდებოდნენ, – ინფორმაციას რუმინული გამოცემა Digi Sport-ი ავრცელებს.
„რუმინეთის ნაკრების და „ხეტაფეს“ ყოფილი მოთამაშის, გიკა კრაიოვეანუს მიწვევით, ლა ლიგის კლუბის წარმომადგენლები თასის ფინალზე კრაიოვის გუნდის რამდენიმე მოთამაშეს აკვირდებოდნენ, მათ შორის 24 წლის ანზორ მექვაბიშვილს.
„ანზორის მიმართ ძალიან დიდი სიმპათია მაქვს. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, ტაქტიკურად ძალიან ძლიერია, შესანიშნავად თამაშობს პრესინგს, კარგად ართმევს ბურთს და ძლიერი დარტყმაც აქვს. ამავე დროს სტანდარტულებს მაღალ დონეზე ასრულებს და საჯარიმოების დარტყმაც კარგად ეხერხება. ჩემთვის ის სრულყოფილი მოთამაშეა. „ხეტაფეში“ უკვე გავუწიე რეკომენდაცია“, – განაცხადა კრაიოვეანუმ Digi Sport Special-ის ეთერში.
„თუ „ხეტაფე“ ანზორის დამატებას გადაწყვეტს, ეს ქართველი ფეხბურთელის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი იქნება. მექვაბიშვილი 2024 წელს კრაიოვის „უნივერსიტატეაში“ „დინამო თბილისიდან“ 750 000 ევროდ გადავიდა.
ქართველმა ფეხბურთელმა ასევე მიიპყრო ათენის აეკ-ის მფლობელის ყურადღება კონფერენსლიგის მატჩში, რომელიც ბერძნულმა კლუბმა 3:2 მოიგო და რუმინული გუნდი ტურნირს გამოთიშა. ნახევარმცველს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 31 მატჩი აქვს ჩატარებული. Transfermarkt-ის მონაცემებით, ანზორ მექვაბიშვილის საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონ ევროს შეადგენს“, – წერს Digi Sport-ი.