რუმინული გამოცემა - „სტიაუას“ ფანებმა მეგრელიშვილის ღირსეული საქციელი დააფასეს #1TVSPORT
რუმინული გამოცემა - „სტიაუას“ ფანებმა მეგრელიშვილის ღირსეული საქციელი დააფასეს #1TVSPORT

„საბურთალომ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუქარესტში „სტიაუასთან“ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა (1:0, 2:4) და გათამაშებას გამოეთიშა.

ბუქარესტში გამართული განმეორებითი მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე თბილისურმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა (2:2) და შემდეგ ეტაპზე გასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა და მიზანს ვერ მიაღწია.

თუმცა, რუმინულმა მედიამ „საბურთალოს“ წინააღმდეგობასთან ერთად, თორნიკე მეგრელიშვილის საქციელი დააფასა, რომლითაც თბილისელთა 21 წლის მეკარემ მატჩის შემდეგ გამოიჩინა თავი.

„თორნიკე მეგრელიშვილი „საბურთალოდაბ“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო „სტიაუასთან“ შეხვედრაში. ქართველი მეკარე, რომელსაც ხანდახან უსტვენდნენ თამაშის განზრახ დაყოვნების გამო, ორჯერ მიესალმა მეტოქის გუნდის გულშემატკივრებს იმის დასაფასებლად, თუ როგორ ამხნევებდნენ საყვარელ გუნდს. შესვენებისთანავე 21 წლის მეკარემ მეტოქის ფანებს ტაში დაუკრა, რასაც რუმინელი გულშემატკივრების საპასუხო რეაქცია მოჰყვა. თამაშის მიწურულს, მეგრელიშვილი წითელ-ლურჯ გულშემატკივრებთან კვლავ ერთხელ მივიდა, მათ კი ღირსეული თამაშისა და საქციელისთვის კიდევ ერთხელ დააჯილდოეს“, – წერს გამოცემა Gazeta Sporturilor.