რუხაძის შედევრი და „სამგურალის“ შემოტრიალებული მატჩი - წყალტუბოელებმა „ლოკომოტივთან“ სამი ქულა მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
რუხაძის შედევრი და „სამგურალის“ შემოტრიალებული მატჩი - წყალტუბოელებმა „ლოკომოტივთან“ სამი ქულა მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მეორე ტური ზესტაფონში გამართული შეხვედრით დასრულდა – წყალტუბოს „სამგურალმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და ახალ სეზონში პირველად გაიმარჯვა.

წყალტუბოს სტადიონის რეკონსტრქუციის გამო, „სამგურალი“ საშინაო მატჩს ზესტაფონის „დავით აბაშიძე არენაზე“ ატარებდა. მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს, ბურთს აკონტროლებდნენ და დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ სტუმართა მეკარე რეზო თევდორაძე საიმედოდ თამაშობდა.

ლოკომოტივმა“ სეზონის პირველი გასვლითი მატჩის პირველი ნახევარი კარგად ჩაატარა. 38-ე წუთზე ბექა დარციმელიას მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ შოთა შეყილაძე გავიდა, ანგარიში გახსნა და პირველი ნახევარი „ლოკოს“ გამარჯვებით დასრულდა.

სამგურალმა“ სასურველ შედეგს მეორე ტაიმში მაინც მიაღწია. მასპინძლებმა 73-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ირაკლი რუხაძემ უნაკლოდ გამოიყენა. ხუთ წუთში წყალტუბოელები დემურ ჩიხრაძემ ეფექტური კონტრშეტევის შედეგად დააწინაურა. 86-ე წუთზე კი ირაკლი რუხაძემ საფეხბურთო შოუ დადგა – ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, ოთხ მცველს შორის გაძვრა და საჯარიმოში შევარდნილმა დუბლი ულამაზესი გოლით შეასრულა 3:1.

 

საბოლოოდ, „სამგურალმა“ 3:1 მოიგო და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „ლოკომოტივმა“ 2 ტურში ჯერ ქულის მოპოვებაც ვერ შეძლო.


სამგურალი 3:1 ლოკომოტივი


გოლები: 0:1 შეყილაძე (38), 1:1 რუხაძე (73.პენ), 2:1 ჩიხლაძე (78), 3:1 რუხაძე (86)