რუდი გარსიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მადრიდის „რეალთან“ წაგებაზე (2:3) ისაუბრა. „ნაპოლის“ მწვრთნელი „სამეფო კლუბთან“ დამარცხებით აშკარად იმედგაცრუებული დარჩა და განაცხადა, რომ შედეგი სამართლიანი არ იყო.
„ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთში ხანდახან ასეც ხდება. ამ დიდებულ გუნდთან თანაბრად ვითამაშეთ. პირველი გოლი არაფრიდან, ბავშვური შეცდომების გამო მივიღეთ, მაგრამ ესეც თამაშის ნაწილია. როცა ანგარიში 1:1 იყო, ზედმეტად გავიხსენით, რასაც მეტოქე ელოდა და მეორე გოლიც გავუშვით.
მომეწონა, რომ მეორე ტაიმში „ნაპოლი“ აგრესიული გახდა და მოგება შეგვეძლო. შემდეგ იყო ორი საკვანძო ეპიზოდი, როდესაც ჩვენს სასარგებლოდ პენალტი უნდა დაენიშნათ, ხოლო ოლივერას წაქცევისთვის ჯარიმა დაედოთ და, ჩემი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა ჩემი გუნდის შემართება მომეწონა.
იმედგაცრუებული ვარ შედეგით, მაგრამ თამაშით კმაყოფილი დავრჩი. ოსტიგორმა კარგი მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა. 1:1-ის დროს გუნდს მოედანზე გადაჯგუფება სჭირდებოდა, ჩვენს მოთამაშეებსა და ლიდერებს ეს მომენტი კარგად უნდა დაენახათ“, – განაცხადა „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა.