რუდი გარსია - ოსიმენი რონალდოს ჰგავს, კვარა გენიოსია და უფრო უკეთესი გახდება #1TVSPORT
რუდი გარსია - ოსიმენი რონალდოს ჰგავს, კვარა გენიოსია და უფრო უკეთესი გახდება #1TVSPORT

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, რუდი გარსიამ Dazn-თან ინტერვიუში გუნდზე, ლიდერებსა და ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის მიზნებზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას გენიოსი მოთამაშე უწოდა.

„ვიქტორ ოსიმენს სულ უნდა გამარჯვება და ხელმძღვანელობს გუნდს. ის რაღაცით კრიშტიანო რონალდოს ჰგავს. როცა იგებს, უხარია, სურს, სამახსოვრო ფოტო გადაიღოს… მომწონს, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, როგორც ცენტრალური თავდამსხმელი. სასიამოვნოა ფეხბურთელის ყურება, რომელიც გიჟივით იცავს თავს, პრესინგზე მუშაობს, გუნდს ეხმარება.

ეს არის ამ „ნაპოლის“ ერთ-ერთი თვისება. ისინი არ აჩვენებენ მხოლოდ ხარისხიან შემტევას, ისინი ერთ გუნდად მუშაობენ. ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება, რომ გავიმარჯვოთ. ხვიჩა კვარაცხელია? მას ჯერ კიდევ შეუძლია, რომ მოუმატოს და კიდევ უკეთესი გახდეს. ის გენიოსია, როდესაც ბურთი აქვს, ამ დროს ძალიან სასიამოვნო სანახავია.

ჩვეულებრივ, როცა კლუბში მოვდივარ, სამ კვირაში ვამბობ, ვინ იქნება ჩემი გუნდის კაპიტანი. დრო მჭირდება, რომ თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე ვესაუბრო, მოედანზე დავაკვირდე და ასევე ვნახო, გუნდთან მოედნის მიღმა როგორი ურთიერთობა აქვთ. თუმცა, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჯოვანი დი ლორენცო ჩემი გუნდის კაპიტანი იქნებოდა.

ჩემპიონთა ლიგისთვის ძლიერი გუნდი გვჭირდება. როცა ჯგუფში თამაშობ, ჩემპიონატზე შეგიძლია ასი პროცენტით კონცენტრირება მოახდინო. თუმცა, როცა მერვედფინალი და მეოთხედფინალი მოდის, ყველაფერი სერიოზულდება. სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისას ფეხბურთელები ამ ტურნირზე იმდენს ფიქრობენ, უნდა შეახსენო, რომ მათი ყოველდღიური პური არსობისა ჩემპიონატია – მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ ჩემპიონატის შედეგებით მოხვდები. ამიტომ ორივე ტურნირზე კარგად უნდა ვითამაშოთ და ამისთვის გრძელი „სკამი“ გვჭირდება“, – ამბობს რუდი გარსია.