რუდი გარსია - ლინდსტრომისთვის პოლიტანოს და კვარაცხელიას ადგილის დაკავება რთული იქნება #1TVSPORT
რუდი გარსია - ლინდსტრომისთვის პოლიტანოს და კვარაცხელიას ადგილის დაკავება რთული იქნება #1TVSPORT

სერია A-ს მეთერთმეტე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება. მატჩამდე ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„იმედია, „სალერნიტანასთან“ იმ „ნაპოლის“ ნახავთ, რომელმაც „მილანთან“ მეორე ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა. ვიმედოვნებთ, ხვალ პოზიტიურ ტალღაზე ვიქნებით. „მილანთან“ მატჩში ვაჩვენეთ, რომ შეიძლება, 4-2-4 ფორმაცია გამოგვადგეს. ნაკლები გოლი უნდა გავუშვათ, დაცვაში უფრო მეტად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ.

ოსიმენის თაობაზე ექიმები მარწმუნებენ, რომ რეაბილიტაციის პროგრამას აგრძელებს და უკვე მომავალ კვირას დაგვეხმარება. ლინდსტრომის უთამაშებლობას რაც შეეხება, შემტევმა ფეხბურთელმა უნდა გაიტანოს და საგოლე გადაცემები შეასრულოს. ახლა კი მისთვის რთული იქნება პოლიტანოს და კვარაცხელიას ადგილის დაკავება. ბუნებრივია, ისინი ყველა შეხვედრას ვერ ჩაატარებენ, მაგრამ ვინც მათ ადგილზე ითამაშებს, სრულფასოვნად უნდა შეცვალოს ისინი.

„ნაპოლი“ შვიდი ქულით ჩამორჩება „ინტერს“ და ჯერ არანაირი საჩემპიონო შანსი არ დაგვიკარგავს, ასეთ ცუდ კითხვას არ ველოდი. ჩემპიონატის მხოლოდ მეოთხედი ჩატარდა და წინ ბევრი თამაშია ლიდერთან დასაწევად.

„სალერნიტანასთან“ ჩვენთვის ერთადერთი დადებითი შედეგი გამარჯვება იქნება. ვიცით, საამისოდ რა უნდა გავაკეთოთ.

„სალერნიტანას“ რამდენიმე ფეხბურთელი საფრანგეთში თამაშობდა და მათ იქიდან ვიცნობ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, რომ ნეაპოლი სალერნოდან მხოლოდ 50 კმ-ში მდებარეობდა. ეს კარგია გულშემატკივრებისთვის, მაგრამ იმედია, რომ გუნდების ქომაგებს შორის ცუდი არაფერი მოხდება“, – განაცხადა რუდი გარსიამ.